
ჩატერჯის განცხადებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტი ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორციელდება. ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით, გარდა ამისა საჰაერო მიმოსვლით იგი ადვილად დაუკავშირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ფოთიდან ის თემაა, რომელზეც ბოლო 10 წელია აქტიურად საუბრობენ, თუმცა საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა. ფოთის აეროპორტის ტერიტორია, ხან ბადრი პატარკაციშვილის ინტერესის ობიექტად სახელდებოდა, ხანაც სხვა რომელიმე ვირტუალური ბიზნეს სუბიექტის. რეალობა კი, ის არის, რომ აღნიშნული ობიექტი დღემდე მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს ახსენდება, რომელიც იქ საძარცვავად მიდის. ასევე, მწარე რეალობააა ის, რომ ფოთს დღემდე არ აქვს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები. შედეგად კი, ის მივიღეთ, რომ არც მეტი და არც ნაკლები-ფოთის აეროპორტის უმეტეს ტერიტორიას ხობის მუნიციპალიტეტი ეპოტინება, რაც მისი აღდგენა-გასხვისების შემთხვევაში, ქალაქს იმის შანსსაც ართმევს, რომ გასხვისებიდან შემოსული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში მოხვდეს და იმ შანსსაც, რომ შემდგომ მისაღები გადასახადები ფოთის ბიუჯეტს შეერგოს. ასე, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ტაშს გამეტებით უკრავს ყველა გამომსვლელს, ვინც, თუნდაც ერთი სიტყვით ახსენებს ფოთს, ცოტა დაფიქრება და უფრო მეტი მოქმედება სჭირდება. ყოველშემთხვევაში იმის მცდელობა მაინც, რომ ბოლოსდაბოლოს გაირკვეს, რა არის ცვენი და რა სხვისი, ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი მხოლოდ მეზობელ რაიონებთან მიმოწერის დონეზეა დარჩენილი.
დავუბრუნდეთ ისევ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციას, სადაც ითქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია გზების დაგება, ასევე ქუჩის განათებების დამონტაჟება, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება. დიდებული, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით, თუმცა, როგორც იტყვიან თეთრსაც და შავსაც მომავალი გამოაჩენს. მანამ კი, ექსპერტები იმაზე დაფიქრებას გვირჩევენ, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუსაოებს-ქართველები, თუ უცხოელები, სადაც მუშა ხელი, მითუმეტეს მსოფლიო კრიზისის ფონზე, ძალიან იაფია. თუ ამავე პროექტის პრეზენტატორებს დავუჯერებთ, სამუსაოების წარმოებისას, 20 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემას, არამარტო ქალაქში, მიმდებარე რაიონებშიც, ფაქტობრივად მოხსნის.
ამის შემდგომ დაიწყება პროექტის მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს სასაწყობო კომპლექსის, ასევე, საკონტეინერო ტერმინალების, სადისტრიბუციო პარკის, ოფშორული ფინანსური დაწესებულებების და ბიზნეს-ცენტრების მოწყობას. ჩატერჯის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება წარმოებისა და მომსახურების მსოფლიო საკვანძო პუნქტი.
“რაკიას” აღმასრულებელი დირექტორის და შპს “რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ხატერ მასაადის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განლაგება უნიკალურია. ერთის მხრივ რიონი და მეორეს მხრივ ზღვა. მან ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ინდუსტრიული ზონიდან 500 მეტრის დაშორებით არის რკინიგზის სადგური. მასაადის განცხადებით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ფოთს აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გახდეს.
ფოთზე საუბარი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქის გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დაიწყო. თუმცა, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად დავიწყნია, რომ მისი წინამორბედი მთავრობა უარყოფით კონტექსში მოეხსენინებინა.
"ფოთი არის ყველაზე მოკლე გზა ევროპისაკენ, მთელი ჩინეთის ნახევრისთვის, შუა აზიის და კასპიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი. წინა მთავრობის დროს ფილოსოფია იყო ის, რომ საქართველო არის დერეფანი და ჩვენ უნდა ყველას ტაში დაგვეკრა. რა კარგია, რომ ჩვენ ვართ დერეფანი, მაგრამ დერეფანში ცხოვრება როგორც ყველამ კარგად ვიცით, სასიამოვნო არ არის",-განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ დაავიწყდა, რომ მისი მთავრობის 5 წლიანი მმართველობის პირობებშიც, ფოთი მხოლოდ პერსპექტიული ქალაქის სტატუსის მატარებელი, როგორც ეს მანამ იყო და რეალურად მეტი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ გვესმის უფრო მეტი დაპირება და თავმოწონების შეძახილები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკურ, ან პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. გარდა ამისა, კორიდორის ფუნქცია ქალაქს ყველა შემთხვევაში ექნება, მითუმეტეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის თეზისიც, სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
`ჩვენ ახლა ვქმნით ზონას, რომელშიც იქნება არა მხოლოდ საწყობები, არა მხოლოდ ვაჭრობა, არა მხოლოდ გემების მომსახურება და ა.შ, არამედ ფოთში უნდა აშენდეს დიდი აეროპორტი. ზონა, სადაც იქნება წარმოება~,-აცხადებს სააკაშვილი, რომელსაც ერთხელაც არ უხსენებია, ის თუ რის საფუძველზე კეთდება ისეთი განცხადებები მისი მხრიდან, რომელსაც მის წინამორბედებს საყვედურობს. ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ “რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” დირექტორთა საბჭოს გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, ინდუსტრიალ ზონაში წარმოება განვითარდება თუ სასაწყობო მეურნეობა.
"დღეს ყევლაზე მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ხელის შეწყობა და მათთვის ყველა პრობლემის მოხსნა. ინვესტორები აპირებენ ხობში და აბაშაში აწარმოონ ორგანული სასუქებისაგან თავისუფალი პროდუქცია, რომელიც ფოთიდან გავა ევროპაში. მეორე ჯგუფი შეისყიდის მთელ ქართულ ვაშლს და ყველაზე საუკეთესო საბავშვო კვება მსოფლიოში იქნება დაფუძნებული ქართულ ვაშლზე. ერთის მხრივ ჩვენი მწარმოებელი იქნება კმაყოფილი და მეორეს მხრივ ინვესტორი იქნება კმაყოფილი იმით, რომ ის ამოიღებს მის მიერ ჩადებულ ფულს. ამიტომ ეს ზონა არის გადასვლა დერეფნიდან ძალიან ფართო და ლამაზ სახლის მშენებლობაზე",-გვარწმუნებს სააკაშვილი.
ახლა კი, მივუახლოვდით პრეზიდენტის გამოსვლის ყველაზე საინტერესო მომენტს(!). მოკლედ, აქამდე იმაზე გულშემოყრილები, რომ ფოთს ზუგდიდთან ერთად მთლიანად თბილისი აკონტროლებდა და საღებავის ფერებიც სწორედ ამ ქალაქებში უნდა შერჩეულიყო, გამოდის, რომ ახლა ბათუმიც დაემატება, თუმცა როგორ, ამის ახსნა სააკაშვილს არ უცდია. სააკაშვილი გვპირდება, რომ ბათუმი და ფოთი, არც მეტი და არც ნაკლები 2013 წლისთვის ერთი მეგაპოლისი იქნება საქმე იმაშია, რომ აჭარა თავისი ადმინისტრაციული რესურსებით, წარმოადგენს დამოუკიდებელ ავტონომიას, ვიწრო და ფართო გაგებით.
"2013 წელს ბათუმი და ფოთი იქნება ერთი მეგაპოლისი. ეს ნიშნავს იმას,რომ მომავალი წლიდან ჩვენ მათ დავაკავშირებთ ავტობანით და ეს ნიშნავს, რომ ფოთიდან ბათუმამდე ჩვენ ჩავალთ 25 წუთში. ფოთში იქნება 50-მდე ცათამბჯენი, დაახლოებით იგივე როგორც დუბაიში, ბათუმში უკვე მომავალ წელს იქნება 10 დუბაის კლასის შენობა. მე არაფერს არ ვაზვიადებ, ეს ყველაფერი შენდება. ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი მინიმუმ, დღეს ფოთში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, ბათუმში უფრო ნაკლები. დარწმუნებული ვარ 4 წელიწადში ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც წარმოებაში და ბიზნესში აქვს ნიჭი გადასახლდება ამ მეგაპოლისში და აითვისებს იქაურობას. ეს იქნება თითქმის 100%-იანი დასაქმების მეგაპოლისი. ეს იქნება ყველაზე მაგარი ადგილი შავიზღვისპირეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ფუნქციას",-გვარწმუნებს სააკაშვილი.
იქნება თუ არა ფოთის მოსახლეობა ნახევარი მილიონი ჯერ ვერავინ გეტყვით, რადგან ამის რეალური საშუალება, თუნდაც ტერიტორიული გადანაწილების თვალსაზრისით არ არსებობს. მაგრამ, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ამჟამად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ფოთში, და არა ისე, როგორც ამას სააკაშვილი გვიმტკიცებს. ეტყობა პრესიდენტს, ტექსტი ისეთმა ადამიანმა შეუდგინა ვინც, ან ფოთს არ იცნობს, ან სტატისტიკისგან დგას ძალიან შორს. თავად სააკაშვილი კი, ინჟინერიისგან. ამის თქმის საბაბს ის გვაძლევს, რომ ცათამბჯენების კიარადა, ფოთის რელიეფზე, თუნდაც 9 სართულიანი კორპუსების აშენება თავის დროზე დიდ ინჟინრულ შეცდომად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა,
გარდა ამისა, პერეზიდენტს ერთხელაც არ უხსენებია გურია, ამ მეგაპოლისის პირობებში თუ რა ადგილს დაიკავებს. თუმცა თქვა, რომ იქ `საოცარი სიღარიბეა~: `ერთი რამ ვიცი, როცა ვლაპარაკობ გურიაზე, საოცარი სიღარიბეა და გაჭირვება გურიაში, სიღარიბეა აჭარის მაღალმთიან რაიონებში~.
აეროპორტის თემას ვერც სააკაშვილი ასცდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ ააშენებს ამ აეროპორტს. თვალში ნაცარს თუ არ შევიყრით და ყურს ცვილის სანთლით არ ამოვიგოზავთ, თან ცოტა გონსაც თუ დავატანთ, 2013 წლამდე ახალი აეროპორტის აშენება, ცოტა არალეალურია, რადგან მის მშენებლობას სწორედ იმდენივე ფული და დრო სჭირდება, რამდენიც ახალი პორტის. ექსტაზში შესულმა სააკაშვილმა, ფოთზე ბათუმის "მიბმა" არაფრად ჩათვალა და აფზხაზეთიც "მოგვიზომა"(!?), ღმერთმა უსმინოს.
"ჩვენ გვექნება დიდი აეროპორტი ფოთში. გავაფართოვებთ ბათუმის აეროპროტს და ფოთის პორტს, ჩვენ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლზე. ყველაფერს ამას მიებმება აფხაზეთი და სოხუმი. განვითარების ამ ტემპს შეუძლებელია არ მოჰყვეს პროცესების უკანდატრიალება და შემობრუნება. მით უმეტეს იმ პრობლემების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს".
ამ გამოსვლის პიკი, ბაკურ გულუას და მის მიერ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დამშრალი ჭაობების ხსენება გახლდათ.
"უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი რაც კეთდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქალაქები იქნება თანამედროვე, კარგი წყალგაყვანილობით, გაზგაყვანილობით.
ისე კი არ იქნება როგორც კომუნისტების დროს, ბაკურ გულუამ რომ ამოაშრო თავის დროზე დაბლობი. მართლა ამოშრება, იმიტომ რომ ნამდვილი ბიზნესი და კაპიტალი იმუშავებს, ხალხი იცხოვრებს უკეთესად"-განაცხადა სააკაშვილმა.
პიკის პიკი კი, პრეზიდენტის გამოსვლაში ის ნაწილია, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ თუ ცათამბჯენებს ავაშენებთ, არავის მოუვა აზრად "საქართველოს დაბომბვა". ბატონო მიხეილ, უკაცრავად, მაგრამ ამერიკას ცათამბჯენებიც ჰქონდა და თავდაცვის ასჯერ უკეთესი სისტემა, ვიდრე საქართველოს. მიუხედავა ამისა, 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტთა მცირე ჯგუფმა მიწასთან გაასწორა ცათამბჯენებიც და მითიც, რომ ამერიკა ზესახელმწიფოა. ასე, რომ იქნებ იმაზე უფრო მეტი გვეფიქრა, როგორ შეიზლება ავაცილოთ ქვეყანას საფრთხეები, ვიდრე იმ დაპირებებით გამოვიჭედოთ ყური, რაც თავადაც არ გჯერათ.
"ყველა უნდა გაიმსჭვალოს იმის მნიშვნელობით, რომ შენი ქვეყანაა ეს და აქ ყველაფერი დანარჩენი უნდა გავდოთ გვერდზე. გარწმუნებთ, როცა ჩვენ გვექნება ცათამბჯენები, როცა ჩვენ გვექნება განვითარება, არავის აღარ მოუვა აზრად საქართველოს დაბომბვა და საქართველოზე შემოტევა. ხომ არავის მოსდის აზრად სამხედრო ძალით სინგაპურს ან ჰონკონგს დაესხას თავს".
დაბოლოს, სააკაშვილმა თავისი გამოსვლა დასრულა სიტყვებით: "მე მინდა საქართველო იყოს ისეთივე, როგორც ჰონკონგი, სინგაპური, დუბაი". ჩვენც გვინდა, მაგრამ არა მხოლოდ ტრიბუნებიდან გაკეთებული მოწოდებებით, ან ფურცელზე, რეალურად გვინდა.
ლაშა ზარგინავა
Комментариев нет:
Отправить комментарий