ჩვენთან ყოველთვის იპოვით იმას, რასაც ეძებთ!

вторник, 6 октября 2009 г.

ბავშვობაწართმეულები


ითვლება, რომ რესტორნებში ის ადამიანები დადიან, ვისაც ბევრი ფული აქვს, ან ფულთან დაკავშირებული რაიმე საქმე. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ფოთი და ფოთელები არ არიან. ყველაზე ხალხმრავალი კი ამ მხრივ რესტორანი “არაგვია”, სადაც მუდმივად უამრავი ხალხი ტრიალებს. სადაც ბევრი ხალხია, მით უმეტეს, ჯიბეში ცოტა ფულით, იქ მთხოვნელსაც უამრავს გადაეყრებით, მათ შორის - ბავშვებს.

ვერ ვიტყვი, რომ დიდი ფულის პატრონი ვარ, ან ფულთან დაკავშირებულ ამბებს რესტორნებში ვაგვარებ, მაგრამ ჩემი მოსკოვიდან ჩამოდეპორტებული მეგობრის წყალობით, რომელიც მოსკოვურ დარდებს ამჟამად ცივ ლუდს აყოლებს, ზედიზედ სამჯერ მომიწია “არაგვში” სადილობამ. ჩემი ყურადღება სამივეჯერ ორმა ბავშვმა მიიქცია, რომლებიც ადამიანებს დახმარებას სთხოვდნენ.

ჩემი ბიუჯეტის და სურვილის მიხედვით, ორივეს ცალ-ცალკე ორჯერ დავეხმარე, მესამედ ვეღარ შევძელი. საკუთარ თავსა და პროფესიაზე შემომწყრალმა, გადავწყვიტე, ბიჭუნა, რომლის სახეზეც, მართლაც, დიდი სევდა იკითხებოდა, სუფრასთან გავმასპინძლებოდი. თავპატიჟი არც გიორგის დაუწყია.

მინდოდა, მასზე ბევრი გამეგო, თუმცა ეს საუბარი ჩვენს შორის, უბრალოდ, როგორც ადამიანებს შორის შედგა და ჩემი პროფესიული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მისივე ნებართვით, სახლში ვესტუმრე.

მინდოდა, ისევე, როგორც გიორგისთან, მის დასთან საუბარიც, მშობლების ნებართვის შემდეგ შემდგარიყო. ნებართვა დედისგან მივიღე, რადგან, აღმოჩნდა, რომ მამა ორიოდე წლის წინ, ავტოავარიაში დაღუპულა.

მასპინძლობა გიორგის დედამ, ქალბატონმა ნარგიზამ გაგვიწია.

საუბარი ცოტა შორიდან დავიწყეთ, რამდენიმე წუთში უკვე ვიცოდი, რომ თევზაძეების ოჯახი ფოთში ქირით ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი, რომლითაც ქირას და სხვა სახის გადასახადებს ოჯახი იხდის, ბავშვების მიერ დახმარების სათხოვნელად გაშვერილი ხელით აკრეფილი ხურდა ფულია.

“სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ოჯახს არაფერი აკლდა, თავი გაგვქონდა, მაგრამ ახლა გიორგის და მარის ნაშოვნი ხურდა ფულით ვარსებობთ. ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან. ესენი რომ სკოლაში გავუშვა, შიმშილისთვის ვართ განწირულები მთელი ოჯახი.

პატარა ხშირად ავადმყოფობს, ყველაფერს მოკლებული რომ არის, მაგიტომაც. საღამოს გიორგი და მარი სახლში რომ ბრუნდებიან, მთელი დღე მზეზე ნადგომებს, სიქა აქვთ გამოცლილი. ქირა ხომ უნდა გადავიხადოთ? ჭამა ხომ გვინდა? ამათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, ახლა ვერც ერთს ვერ გვნახავდით ცოცხლებს, ბარემ, დავისვენებდით კიდეც,~ - ტირილით მიყვება ქალბატონი ნარგიზა.

გიორგის კი, წარმატების თავისებური ფორმულა აქვს, ყოველდღიურობიდან გამომდინარე.

“არაფერი ისე არ მიხარია, როგორც წარმატებული დღე, ის დღე, როცა ვინმე 20 თეთრიანზე მეტს გვჩუქნის. ბევრი გვეხმარება, ბევრიც თავიდან გვიშორებს და გვაგინებს. უკვე 12 წლის ვარ, ვიცი, რომ ეს ცუდია, რომ ვიღაცას ვაწუხებ, მაგრამ რა ვქნა?! ეს ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალია,” - მეუბნება გიორგი.

“აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ჩვენთან, ხობში, არც ეს არ გვქონდა, სახლი გავყიდე, ქმრის დაკრძალვის ფული რომ არ მქონდა, მევალემ მოსვენება არ მომცა.

ფოთში, მეგონა, რომ რაღაც სამსახურს ვიშოვიდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ბავშვის ბაღში წაყვანაც ვერ შევძელი. რომ მოგვშივდა და გამოსავალი არაფერი გვქონდა, ბავშვები ჯერ მეზობლებთან გავიდნენ, მერე მეზობლებსაც მოვწყინდით და ახლა კი, ხედავთ, ქალაქის მეორე ბოლოში დადიან ბავშვები სათხოვნელად,~ - საუბარში გიორგის დედა ერთვება.

“ზოგჯერ ორი ცალი ხინკლის გარდა ვერაფერი გვიშოვია, იმით გადაგვიატანია 4 ადამიანს მთელი დღე.

ჩემი და ყველაზე უფრო მეცოდება, პატარაა და ყველაფერი აკლია. ძოგჯერ ქუჩაში სხვების პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, როგორ აფოფინებენ, გული მწყდება, ჩემს დას იგივე რატომ არ აქვს-თქო, მაგრამ რაც გვაქვს, ღმერთი იმას მაინც შეგვარჩენდეს.

რესტორნის კიბეებზე გატარებული ბავშვობა, ვიცი, უკეთესობას ვერაფერს მომიტანს, იქნებ, რამე შეიცვალოს, არ ვიცი,~ - თავისი ასაკისთვის შეუფერებელი დარდით მეუბნება გიორგი.

ნაქირავები ორი ოთახი ამდენივე საწოლს, ერთ კარადას და მაგიდას იტევს, თავისი სკამებით. თევზაძეების საგვარეულო სახლიდან გამოყოლილი ქონებაც სულ ეს არის.

ქონებაზე არა, მაგრამ ნორმალურ ბავშვობაზე, თანაკლასელებსა და მეგობრებზე გიორგი ბევრს ოცნებობს, თუმცა სკოლა და მისი ყოფიერება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რომ მოდის, ამასაც ხვდება.

“ვიცი, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ მინდა, მჯეროდეს, რომ ღმერთი ჩემ წილ ბედნიერებას არ წამართმევს ბოლომდე. ვიცი, რომ ამის უფლება მაქვს, ჩემი და წამოზრდება, დედაც რაიმე სამუშაოს იშოვის და გვეშველება ცოტა.

ჩვენზე უარესადაც ხომ არიან ადამიანები? ხომ შიათ? ხომ სცივათ? ზღაპრების არ მჯერა, მაგრამ ცოტა იმედი ჩემთვისაც მინდა დავიტოვო, საღამოობით, ძალიან დაღლილი როცა ვწვები, მამიკოს დატოვებულ წიგნებს ვკითხულობ, ვინ იცის, მერამდენეჯერ.

კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ წიგნებიც შემომელია. ახალი არაფერი მაქვს,~ - სევდიანად მეუბნება გიორგი.

გიორგის მეგობრობრობას ვთავაზობ და წიგნებს ვპირდები, წამოსასვლელად ვემზადები. ქალბატონი ნარგიზა შეწუხებულია. ვხვდები, რომ რაღაც აწუხებს და თქმა უნდა.

“ბათუმში მინდა ბავშვებიანად გადასვლა, იქ ხალხიც ბევრია და საშოვარიც, მაგრამ გზის ფული არ გვყოფნის. იქნებ, სამუშაოც ვიშოვო რამე, ბავშვებს სკოლაში გავუშვებ, პატარას - ბაღში. ცოტა სული ამოვითქვათ, შეიძლება,~ - ამბობს ქალბატონი ნარგიზა.

გიორგი ქუჩის ბოლომდე მაცილებს, ვპირდები, რომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი ბავშვობისდროინდელ წიგნებს მივუტან. სამსახურამდე გზა კი, ამ ოჯახზე, გიორგიზე და მის ოცნებებზე ფიქრში გავიარე.

მეორე დღეს, პერევში ავდივარ ჟურნალისტური მისიით. გიორგისთვის მიცემული დაპირება არ დამვიწყებია, მაგრამ სამი დღე მიწევს გაჩერება ქალაქგარეთ და ვიცი, რომ მეც იმედს ვუცრუებ უკვე ჩემს მეგობარ გიორგის.

მეოთხე დღეს, რაც კი წიგნები შემომრჩა ბავშვობიდან, დიდ ჩანთაში ვალაგებ და გიორგის სახლისკენ მივდივარ. სახლი დაკეტილი მხვდება, მეზობელი მეუბნება, რომ აქედან გადავიდნენ, თურმე, ბათუმში. საშინლად დამწყდა გული, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვი და ჩავუტან წიგნებს ჩემს მეგობარ გიორგის.

ლაშა ზარგინავა,

საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა
არცერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!