ჩვენთან ყოველთვის იპოვით იმას, რასაც ეძებთ!

четверг, 2 апреля 2009 г.

"სანაპირო დაცვას ომიდან გაქცეულები ხელმძღვანელობენ": ვიცე-ადმირალი დავით გულუა აგვისტოს ომის გაუხმაურებელ დეტალებზე ალაპარაკდა

 
 

საქართველოს სანაპირო დაცვა ერთ-ერთ საუკეთესო სტრუქტურად ითვლებოდა. ქართული სანაპირო დაცვის მშენებლობაზე ამერიკამ სერიოზული თანხები და ძალისხმევა დახარჯა. ქართული სანაპირო დაცვით ამერიკის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც კი ამაყობდა. 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრის დროს მან თქვა, რომ ამერიკისთვის საქართველოში ყველაზე საამაყო და წარმატებული პროექტი სანაპირო დაცვაა. 
სანაპირო დაცვაში გასულ წელს ათი წლის იუბილე აღინიშნა. ამ იუბილეზე ქართველი მენაპირენი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. დღეს სანაპირო დაცვაში უკვე სხვა ხალხია. 
აქ სიტუაცია აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიცვალა. ცოტა ხნის წინ სანაპირო დაცვას შეუერთეს სამხედრო-საზღვაო ფლოტიც, არადა, ამ ფლოტის შეერთებას სანაპირო დაცვასთან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები კარგა ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. 
დღეს სანაპირო დაცვის სათავეში სულ სხვა ხალხია. როგორც სანაპირო დაცვის ყოფილი უფროსი დავით გულუა ამბობს, დღეს ამ სტრუქტურას ის ადამიანები უდგანან სათავეში, რომლებმაც საზღვაო ფლოტი და ფოთი პირველივე ტყვიის გავარდნის დროს მიატოვეს. 
ვინ და როგორ მიატოვა ფოთი, როგორ გადაარჩინა სანაპირო დაცვამ ფოთის პორტი განადგურებას, რატომ ვერ დააკავეს ჩვენმა მენაპირეებმა თურქული ხომალდი, ამ და სხვა საკითხებზე დავით გულუა "ახალ თაობას" ესაუბრება. 
- ცოტა ხნის წინ სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვა გაერთიანდნენ. რამდენად დროული და აუცილებელი იყო ამის გაკეთება? 
- კარგია, რომ ეს გაერთიანება მოხდა. ამ გაერთიანებამ ძალიან დაიგვიანა. ეს გაერთიანდება უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, როცა ქართველი, ამერიკელი და ნატოს ექსპერტები საქართველოს ურჩევდნენ, მომხდარიყო ამ ძალების გაერთიანება. მათ თავიანთი რჩევები კარგად ჰქონდათ დასაბუთებული. მათი თქმით, საქართველოს სჭირდებოდა მხოლოდ სანაპირო დაცვა, საზღვაო ფლოტი კი საჭირო არ იყო. 
- რატომ არ სჭირდებოდა საქართველოს საზღვაო ფლოტი? 
- საზღვაო ფლოტს აქვს თავისი სპეციფიკური ამოცანები. ეს ამოცანები საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს არის ორი ძირითადი ამოცანა. საუბარია საზღვაო სივრცის დაცვაზე წყლის ქვემოდან, წყალქვეშა ნავებისა და სხვადასხვა მცურავი აპარატებისაგან, მეორე ამოცანას კი ზღვაზე მტრის შესაძლო აგრესიის მოგერიება წარმოადგენს. როცა ეს ორი ამოცანა დგას დღის წესრიგში, მაშინ წინა პლანზე გამოდის მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე არის ორი შესაძლო საფრთხე. ერთი საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ნატოსგან (საუბარია თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე) და მეორე - რუსეთისგან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საზღვაო ფლოტი უნდა აეშენებინა საქართველოს, რომ ერთის ან მეორის აგრესია შეეჩერებინა. ექსპერტთა დასკვნები ზუსტად აქედან გამომდინარეობდა. ქვეყანამ არ უნდა შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც ვერავითარ ამოცანას ვერ გადაწყვეტს. 
- თუ სამხედრო-საზღვაო ძალებს არავითარი ამოცანის გადაჭრა არ შეეძლო, რატომ ვინახავდით მას ამ წლების განმავლობაში? 
- სამხედრო-საზღვაო ძალების შენარჩუნება ხდებოდა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გააჩნდათ ამბიციები. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლებოდა არ ჰყოლოდათ ფლოტი. ამ ძალების მშენებლობასა თუ შენახვაზე მილიონები იქნა დახარჯული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მილიონები ქარს გავატანეთ. საბოლოოდ კი მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო ფლოტი სანაპირო დაცვასთან უნდა გაერთიანებულიყო. 
- სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაერთიანება დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. თქვენი აზრით, მაინცდამაინც ახლა რატომ მოხდა ამ ძალების გაერთიანება. ამ დასკვნამდე მისასვლელად რუსული აგრესია იყო საჭირო? 
- რატომ მოხდა ამ ძალების გაერთიანება მაინცდამაინც ახლა, ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს, ვიღაცებს თავის დროზე არ უნდოდათ, სასაზღვრო პოლიცია ყოფილიყო ძლიერი. ნატოს ექსპერტები ბოლო სამი წლის მანძილზე დაჟინებით ითხოვდნენ, ზღვაზე კონტროლი სამართალდამცავ სტრუქტურას განეხორციელებინა. სანაპირო დაცვა კი სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურას წარმოადგენდა. 
- თითქმის ათი წლის განმავლობაში სანაპირო დაცვა და სამხედრო-საზღვაო ძალები ცალ-ცალკე ფუნქციონირებდნენ. უშლიდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს მუშაობაში ხელს და როგორ ხდებოდა ამ სტრუქტურების განვითარება? 
- საქართველოს სანაპირო დაცვის ძირითადი ფუნქცია საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი, ანუ საზღვაო სივრცის დარღვევის, უკანონო თევზჭერის, ზღვის გარემოს დაბინძურებისა და სხვა მსგავს სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა იყო. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, საზღვაო ძალებმა თავიანთი არსებობის გასამართლებლად და მათზე განკუთვნილი ხარჯების გასამართლებლად თავიანთ თავზე აიღეს სანაპირო დაცვისა და გარემოს დაცვითი ფუნქციები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რამდენად ასრულებდა საზღვაო ფლოტი ამ ფუნქციებს, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის ან ზღვაზე სამართალდარღვევის გამოვლენა-აღკვეთის არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მათს უმთავრეს ფუნქციას, ანუ სამხედრო აგრესიის მოგერიებას, რამდენად ეფექტურად შეასრულეს მათ ეს ფუნქცია, აგვისტოს საომარი მოქმედებების დროსაც კარგად გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ საზღვაო ფლოტი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის პასუხისმგებელი არაფერზე არ არის და არც არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება ამ ორი სტრუქტურული დანაყოფის განვითარებას, ის, რომ სანაპირო დაცვა ბევრად წარმატებული და ეფექტური სამსახური იყო, დასტურდება იმ უამრავი პროექტით, რომლებსაც ჩვენთან ერთად ჩვენი ამერიკელი კოლეგები ახორციელებდნენ. თქვენს კითხვაზე, უშლიდა თუ არა ერთმანეთს ხელს ფუნქციონირებაში ეს ორი სტრუქტურული დანაყოფი, შემიძლია ვთქვა, რომ არა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საზღვაო ფლოტი ფაქტიურად არაფერს აკეთებდა, ხოლო საქმის რეალური შემსრულებელი სანაპირო დაცვა იყო. ამ პერიოდის განმავლობაში სანაპირო დაცვის მიერ 124 მცურავი საშუალება იქნა დაკავებული, ბიუჯეტის სასარგებლოდ კი მილიონობით ლარია შეტანილი. ვფიქრობ, ეს ციფრები რეალური სურათის აღსაქმელად სავსებით საკმარისია. 
- ამ ორი უწყების გაერთიანება რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს? 
- იმის გამო, რომ საქართველო არის საზღვაო ქვეყანა, მნიშვნელოვანია ეფექტური სამსახურის არსებობა, რომელიც საზღვაო სივრცის კონტროლს განახორციელებს, თუმცა, ეს გაერთიანება მოხდა ისე, რომ მთლიანად უგულებელყოფილ იქნა ის მიღწევები, რომელიც არსებობდა სანაპირო დაცვაში. კერძოდ, მთლიანად მოიშალა სამსახურის არსებული სტრუქტურა, უაზროდ გაიზარდა ხელმძღვანელი თანამდებობების რაოდენობა და, რაც მთავარია, გაერთიანების დროს სრულად იგნორირებულ იქნა ორივე უწყების პროფესიონალი კადრები, რაც იმას გულისხმობს, რომ არ მოხდა სანაპირო დაცვის გაძლიერება საზღვაო ფლოტში არსებული პროფესიონალი კადრებით. რაც შეეხება მცურავ საშუალებებს, სამხედრო-საზღვაო ძალებს ისინი თითქმის არ ჰყავდა. 
- რას ნიშნავს, თითქმის სულ არ ჰყავდა? 
- იმას, რომ მათს შემადგენლობაში იყო ორი გაურკვეველი მცირე ზომის ხომალდი, სახელად სადესანტო ერქვა, მაგრამ მისი გამოყენება დაღვრილი ნავთობის შესაგროვებლად შეიძლებოდა. იყო კიდევ ორი ნახევრად გარემონტებული მცურავი საშუალება. იყო კიდევ ერთი, რომელიც თურქეთში შეაკეთებინეს. მისი სიჩქარე იყო 12 კვანძი. აი, ასეთი ფლოტი შემოუერთდა სანაპირო დაცვას. ამის მიუხედავად, ვამბობ, რომ საშუალო პერსონალის შემოერთება მაინც დადებითი მოვლენა იქნებოდა. 
- რატომ იქნებოდა? საშუალო დონის პერსონალი სანაპირო დაცვას არ შეერთებია? 
- დღეს სანაპირო დაცვის სათავეში მოვიდა სამხედრო ხელმძღვანელობა. მათ სანაპირო დაცვას ჩამოაშორეს ის ხალხი, ვინც ეს სტრუქტურა შექმნა, მათს ადგილზე კი ფლოტიდან მოიყვანეს ის ხალხი, ვინც თავის დროზე ფლოტში ვერაფერი ვერ გააკეთეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს სანაპირო დაცვის სათავეში უმრავლესობა არაფრის მკეთებელი ხალხია. 
- ამის გამო სანაპირო დაცვა შეიძლება ისეთივე უფუნქციო გახდეს, როგორც თავის დროზე საზღვაო ფლოტი იყო? 
- სანაპირო დაცვა უფუნქციო ალბათ არ იქნება. თუმცა, სანაპირო დაცვაში იქნება დიდი უსამართლობის განცდა, რადგანაც ხალხი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი იყო, სადღაც გადაიყვანეს და, რაც ყველაზე მთავარია, დღეს სანაპირო დაცვაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში პირველივე გასროლაზე მიატოვეს ფლოტი და სადღაც გაიქცნენ. მათი გაქცევის შესახებ შესანიშნავად იცის ფოთის მოსახლეობამ, ეს ამბავი კარგად არის ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სტრუქტურებისთვის. მათ ისიც მშვენივრად იციან, რომ ფოთის ნავსადგური, ისევე, როგორც მთელი ფოთი, განადგურებისაგან სანაპირო დაცვამ იხსნა. 
- ამის შესახებ რატომ არსად არაფერი თქმულა? 
- ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ ომზე ბევრ რამეს ყვებიან, თუმცა, არავის უთქვამს, რა ხდებოდა იმ დროს შავ ზღვაზე. მოგეხსენებათ, რომ სასაზღვრო პოლიციას ბიწაძის უწყებად მოიხსენიებდნენ. აქედან გამომდინარე, ვერ იტყოდნენ, რომ ბიწაძის უწყებამ თავი გამოიჩინა, თანაც მაშინ, როცა სამხედრო უწყებამ თავი შეირცხვინა. აი, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ფოთის გადარჩენის ამბავი არავის "გახსენებია". ომის დღეებში სანაპირო დაცვის კატარღებმა ექვსი საჰაერო შეტევა მოვიგერიეთ. რუსული ავიაცია ცდილობდა ფოთის პორტის დაბომბვას. იმ დროს პორტში 23 ათასი ტონა ნავთობი იყო. ასეთი რაოდენობის ნავთობის აფეთქება ფოთის პორტის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. გადაიწვებოდა ნახევარი ფოთი. სანაპირო დაცვის ბიჭებმა თავი გადადეს და ყველა ეს შეტევა მოიგერიეს. საზღვაო ძალების რიგითები და დაბალი დონის ოფიცრები იმ დროს მათთან ერთად იდგნენ. ისინი, მეთაურებისგან განსხვავებით, იქ ბოლომდე დარჩნენ. დღეს ეს ადამიანები სამსახურიდან არიან დათხოვნილი. ომის დროს სანაპირო დაცვას მუდმივი კონტროლი გვქონდა ზღვაზე. ზღვას ვაკონტროლებდით როგორც რადარების დახმარებით, ასევე მცურავი საშუალებებით. როცა ფოთის პორტს უახლოვდებოდა რუსეთის სამხედრო ხომალდები, ჩვენ ყულევის პორტში მცურავი საშუალება გვეყენა, რომელიც დაახლოებით 7-10 მილში მანევრირებდა მათთან. ჩვენ იქაურობას ჯერ ვაკონტროლებდით - ანაკლიის სადგურის, შემდეგ სანაპირო დაცვის ფოთის სადგურის საშუალებით. როცა რუსებმა დაიკავეს ფოთი, ჩვენ ზღვას სუფსის, ჩაქვის სარადარო სადგურების მეშვეობით ვაკონტროლებით. შექმნილი ვითარების შესახებ ყველას საქმის კურსში ვაყენებდით. ჩვენს იქ ყოფნას მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ომის დღეებში არ მიგვიტოვებია არც ბათუმის და არც ფოთის საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ჩვენი პერსონალი იყო ადგილზე. მესაზღვრე იდგა და მუშაობდა. მუშაობა არ შეუწყვეტია არც პორტის პერსონალს, ჩვენთან ერთად იდგნენ მებაჟეებიც. სანაპირო დაცვას რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ენდობოდა, ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებების შემოსვლა დაიწყო. 

- მხედველობაში რა გაქვთ? 
- ჩვენთან ჰუმანიტარული მისია ომის დამთავრებიდან მალევე შემოვიდა. ამ მისიას ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ახორციელებდნენ და ისინი მხოლოდ სანაპირო დაცვას ენდობოდნენ. ჩვენ ვახორციელებდით ჰუმანიტარული ტვირთებით დატვირთული სამხედრო ხომალდების მიღებას საზღვარზე და ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ჩვენვე უნდა მიგვეცილებინა ისინი ჩვენს რეიდამდე. ამერიკის სამხედრო ხომალდების რეიდზე დაცვაც ჩვენ გვევალებოდა. ამ დროს ნაპირზე განლაგებული პორტების უსაფრთხოება ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო. სანაპირო დაცვას უნდა უზრუნველეყო მათი გადაადგილება როგორც აჭარის, ასევე სამეგრელოს რეგიონში. იმას, რომ ფოთში შემოვიდა დახმარება, დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ პერიოდში რუსი სამხედროები ჯერ კიდევ ფოთში იყვნენ. ეს იყო ჩვენი დამსახურება. ჩვენი კატეგორიული პოზიცია იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება შემოსულიყო ფოთში. ამას საქართველოშიც ჰყავდა საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე. 
- საქართველოში რატომ? 
- ეს ჩემთვის გაუგებარია. ვიღაცებს სურდათ, რომ ეს შესულიყო. ფოთი ალბათ იმიტომ არ უნდოდათ, რომ იქ მხოლოდ სანაპირო დაცვა იდგა. 
- როგორც ამბობენ, ომის დროს მოწინააღმდეგემ სანაპირო დაცვა სერიოზულად დააზარალა? 
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა სანაპირო დაცვის კუთვნილი კატარღები გაიტანეს. ეს ინფორმაცია შეცდომით გავიდა. რუსებმა საზღვაო ფლოტის კუთვნილი ტექნიკა გაზიდეს და გაანადგურეს. 
- ეს სიცრუე შეგნებულად გავრცელდა? 
- ვერ გეტყვით, ეს შეგნებულად მოხდა თუ შეუგნებლად. სიმართლე ის არის, რომ არც ერთი ჩვენი მცურავი საშუალება მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდნილა. მათ მხოლოდ ორი, ტექნიკურად გაუმართავი მცურავი საშუალება დაგვიზიანეს. ჩვენ ყველა მცურავი საშუალება გადავარჩინეთ. გადავარჩინეთ მთელი ტექნიკა. მხოლოდ ორი კომპიუტერი დავკარგეთ. რუსებს ჩვენი კუთვნილი საწვავიც კი არ დავუტოვეთ. ისიც გავიტანეთ და გადავარჩინეთ. სექტემბერში ფოთიც და ანაკლიაც სრული დატვირთვით მუშაობდნენ. სანაპირო დაცვამ სრულყოფილი მუშაობა უმოკლეს ვადაში განაახლა. ყველაფერს ამას ის მოჰყვა შედეგად, რომ ეს ხალხი უმუშევრად დარჩა. სამაგიეროდ სანაპირო დაცვაში ისინი მუშაობენ, ვინც ომის დღეებში საზღვაო ფლოტიც მიატოვა და სამშობლოც. ალბათ საინტერესოა, ვის უნდა აწყობდეს ეს. 
- ვის აწყობს? 
- ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამე ვიცი - სანაპირო დაცვით პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ალბათ ბევრი საქმე აქვს, ის ქვეყნის მთავარსარდალია, თანაც მას უნდა ახსოვდეს თავისი პირველი შეხვედრა ჯორჯ ბუშთან. ბუშმა სააკაშვილს უთხრა, ჩვენთვის საამაყო და წარმატებული პროექტი საქართველოს სანაპირო დაცვააო. 
- სანაპირო დაცვა სოხუმის აკვატორიას ადრე ასე თუ ისე აკონტროლებდა, ახლა როგორ იქნება საქმე? 
- ჩვენ ჩავერთეთ საერთაშორისო სისტემაში, რომლითაც მთლიანად ვაკონტროლებდით მთელ ზღვას, ყველა მცურავი საშუალების გადაადგილებას, ასევე ჩვენ ჩართული ვიყავით საერთაშორისო სისტემაში "ასიო", რომლითაც მუდმივად ვცვლიდით ინფორმაციას შავი ზღვის სანაპირო დაცვის ყველა წარმომადგენლობასთან. თუ იქნებოდა დარღვევა, საქმის კურსში ვაყენებდით. ჩვენ ამ წლების განმავლობაში 35 მეტი მცურავი საშუალება დავაკავეთ. ისინი აფხაზეთიდან არღვევდნენ საზღვაო საზღვარს. ამ ხომალდებს ვაკავებდით რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, საქართველოდან 170 მილის დაშორებით. ხომალდები დაგვიკავებია თურქეთის ეკონომიკურ ზონაშიც, თურქეთის სანაპიროდან - 60 და ჩვენი სანაპიროდან 80 მილში. ჩვენთვის ამაში არავის ხელი არ შეუშლია, ამ რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს სანაპირო დაცვამ მოინდომა ასეთი ღონისძიების ჩატარება. თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა მათ დამრღვევი სეინერის დაკავების საშუალება არ მისცეს, ადრე კი მსგავს ღონისძიებებს თურქეთის სანაპირო დაცვასთან ერთობლივად ვატარებდით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს სანაპირო დაცვამ ვერ დააკავა მცურავი საშუალება. აი, რა მოგვიტანა გაუაზრებელმა რეფორმამ და არასწორმა საკადრო პოლიტიკამ. საქართველოზე იხსნება ხაზი ავღანეთის მოსამარაგებლად. ამიტომ ჩვენს პორტებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს პორტები გამოყვანილ იქნა სანაპირო დაცვის დაქვემდებარებიდან და გადაეცა საპატრულო პოლიციას. არადა, ეს იყო აწყობილი სისტემა, საიდანაც ვიღებდით ინფორმაციას, ადგილზევე ხდებოდა მათი კოორდინირება. ამით ჩვენი უცხოელი პარტნიორები გაკვირვებული არიან. ისინი ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება აწყობილ სისტემასთან ასე მოპყრობა. ჩვენ ხომ ყველა საუკეთესოდ გვაღიარებდა. 
- დღეისათვის თქვენ რას საქმიანობთ? 
- დღეს მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი "სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრი". ჩვენ სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციურ რჩევებს დავდებთ. 
- თქვენს რჩევებს ხელისუფლება გაითვალისწინებს? 
- წესით, უნდა გაითვალისწინოს. თუ არ გაითვალისწინებს და ცუდად იქნება საქმე. სანაპირო დაცვასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ უკვე გვქონდა ჩავარდნა. ფაქტიურად პირველად მოხდა, როცა ჩვენმა სანაპირო დაცვამ ვერ დააკავა ხომალდი. 

გაზეთი "ახალი თაობა " 




Pშ. "რეზიუმე", ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ შეკითხვებს სვამდა. ითხოვდა პასუხებს საზღვაო ძალების სარდლობისგან, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, თავად შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც რატომღაც თავის თავზე იკისრა ომის თემაზე გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. პასუხების სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სტანდარტული მონოლოგი, მუქარაც კი, თუმცა იმის მთქმელი თუ რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომის დროს საზღვაო თავდაცვის ძალებში, არავინ აღმოჩნდა. ასევე, აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო საპარლამენტო კომისიას, რომელიც ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს იკვლევდა, არანაირი ინტერესი არ გამოუთქვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

                                        იგივე თემის გაგრძელება

                         ვინ გახდება ჩაძირული გემის კაპიტანი

ჩვენი საამაყო ფლოტი, ან როგორც ზემოთ დავით გულუამ აღნიშნა-"მიტოვებული ფლოტი", დღემდე გემების სასაფლაოზეა. თუმცა, მათი "გადასვენება", თუ ამის მსურველი გამოჩნდა პირდაპირ თურქეთის ჯაღტის გადამამუშავებელ რომელიმე ქარხანაში მოხდება.
თუ აქამდე არსად შეგხვედრიათ კაცი, რომელიც კარგად გაზიზინებულ მანქანას 20 ლარად ჰყიდის, მაგრამ შიგნით მწოლიარე კატას _ 100 ათასად, თანაც ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე არ იყიდება _ ბევრი არაფერი დაგიკარგავთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ:
ეკონომიკის სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თხოვნა-წერილის საფუძველზე გამართავს აუქციონს, სადაც ერთდროულად სამი გემის გასაყიდი საწყისი ფასი სულ რაღაც 10 დოლარის ექვივალენტი ლარებში იქნება. ეს ის მცურავი საშუალებებია, აგვისტოს ომის დროს რუსებმა რომ ჩაძირეს ფოთში: ”დიოსკურია”, ”თბილისი”, ”წყალტუბო”.
ბე _ 3 დოლარის ექვივალენტი ლარებში;
მონაწილეობის ბილეთი _ 20 ლარი;
ბიჯი _ 1 დოლარის ექვივალენტი ლარებში.
თანხა აუქციონის დასრულებიდან ერთ თვეში უნდა დაიფაროს.
თუმცა, აუქციონი პირობიანია: მყიდველი ვალდებულია არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს ამ მცურავი საშუალებების წყლიდან ამოყვანა და ფოთის აკვატორიიდან გაყვანა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 
აქვე შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოდან ჯართის გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამაც შესაბამისად მის ჩასაბარებელ ფასზეც იმოქმედა.
თუ ყველაფერ ამის შემდეგ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ჩაძირული გემების კაპიტანი გახდეს, შეუძლია განცხადებით მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს.
ასე დასრულდა ზღაპარი, რომელსაც დიდი ხანს, დიდებსაც გაბადრული სახით გვიკითხავდნენ!


ლაშა ზარგინავა




Комментариев нет:

Отправить комментарий

Архив блога