არასრულწოვანებისთვის აზარტულ თამაშებზე დასაშვებად სასჯელი ხუთმაგდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტში გასულ კვირას შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშოდ ან სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დაშვება, აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის 5 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. აქამდე ეს ქმედება 1000 ლარით ჯარიმდებოდა. აკრძალვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობას.
ვერ გეტყვით, რამდენადაა დაცული ამ მხრივ ფოთი, რადგან ადამიანი, თუნდაც ერთი, ვინც ამას გააკონტროლებდა, ქალაქში არ არსებობს. შესაბამისი შტატი, მერიის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციას შეეწირა. თუ თვითმკვლელობების სტატისტიკას გადავხედავთ, წინა წლებში ქალაქში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამა თუ იმ სახის სათამაშო დაწესებულებებში ე.წ `თავნის~ ვერ ჩაბარების გამო, ახალგაზრდებმა სიცოცხლე ფატალურად დაასრულეს. ვერც იმას გეტყვით, რაიმე გავლენას იქონიებს თუ არა ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილება ამ შედეგებზე, მაგრამ, ფოთის საკრებულომ, ქალაქის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ახალი, გაზრდილი მოსაკრებლები დააწესა. მოსაკრებლები უცვლელი დარჩა იმ ბიზნეს-სუბიექტებისთვის, ვისაც სათამაშო ბიზნესის ნებართვა 2008 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა მიღებული. ახალი მოსაკრებელი კვარტალურად, კაზინოს თითოეულ მაგიდაზე 15 ათას ლარს, თიოთოელ სათამაშო აპარატზე-800, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს თითოეულ სალაროზე 2500 ლარს ითვალისწინებს.
პარლამენტარი, ჯონდი ბაღათურია კი, სათამაშო ბიზნესზე სანქციების გამკაცრებას და წლის ბოლომდე ამ ბიზნესის საერთოდ აკრძალვას მოითხოვს.
ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს იმ ფულს, რომელიც ამ ბიზნესში მიედინება. მისი თქმით, ეს ფაქტორი კრიმინალური ვითარების კიდევ უფრო გამძაფრებას უწყობს ხელს.
ბაღათურია მოითხოვს, რომ თუკი 21 წლამდე ახალგაზრდა კაზინოში ან სლოტ კლუბში შევა, პირველ ჯერზე სათამაშო ოფისი 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს. მეორე შემთხვევაში კი, საერთოდ ჩამოერთვას ლიცენზია.
საკრებულოს ახალ დადგენილებას გაუმართლებლად მიიჩნევენ ფოთის ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესით დაკავებული მეწარმეები და ამბობენ, რომ გაზრდილ გადასახადებს ვეღარ გადაიხდიან, რაც მათივე თქმით მსგავსი დაწესებულებების დახურვას გამოიწვევს.
`საქართველოს კანონში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შესახებ, შევიდა ცვლილება და ჩვენც იძულებული გავხდით ავტომატურ რეჟიმში, შეგვეტანა ცვლილებები საკრებულოს დადგენილებაში. ძირითადად გაიზარდა მოსაკრებელი სათამაშო აპარატებზე და ტოტალიზატორებში. იქედან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაში მიღებული საკრებულოს დადგენილება წინააღმდეგობაში მოდიოდა, პარლამენტის ახალ ცვლილებებთან, გადასახადი 100 %-ით გაიზარდა~,-განაცხადა ჩვენთან საუბარში, საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ხომერიკმა.
საკრებულოს ახალი დადგენილება, ძალაში უკვე შევიდა.
ლაშა ზარგინავა
Комментариев нет:
Отправить комментарий