ჩვენთან ყოველთვის იპოვით იმას, რასაც ეძებთ!

вторник, 6 октября 2009 г.

ბავშვობაწართმეულები


ითვლება, რომ რესტორნებში ის ადამიანები დადიან, ვისაც ბევრი ფული აქვს, ან ფულთან დაკავშირებული რაიმე საქმე. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ფოთი და ფოთელები არ არიან. ყველაზე ხალხმრავალი კი ამ მხრივ რესტორანი “არაგვია”, სადაც მუდმივად უამრავი ხალხი ტრიალებს. სადაც ბევრი ხალხია, მით უმეტეს, ჯიბეში ცოტა ფულით, იქ მთხოვნელსაც უამრავს გადაეყრებით, მათ შორის - ბავშვებს.

ვერ ვიტყვი, რომ დიდი ფულის პატრონი ვარ, ან ფულთან დაკავშირებულ ამბებს რესტორნებში ვაგვარებ, მაგრამ ჩემი მოსკოვიდან ჩამოდეპორტებული მეგობრის წყალობით, რომელიც მოსკოვურ დარდებს ამჟამად ცივ ლუდს აყოლებს, ზედიზედ სამჯერ მომიწია “არაგვში” სადილობამ. ჩემი ყურადღება სამივეჯერ ორმა ბავშვმა მიიქცია, რომლებიც ადამიანებს დახმარებას სთხოვდნენ.

ჩემი ბიუჯეტის და სურვილის მიხედვით, ორივეს ცალ-ცალკე ორჯერ დავეხმარე, მესამედ ვეღარ შევძელი. საკუთარ თავსა და პროფესიაზე შემომწყრალმა, გადავწყვიტე, ბიჭუნა, რომლის სახეზეც, მართლაც, დიდი სევდა იკითხებოდა, სუფრასთან გავმასპინძლებოდი. თავპატიჟი არც გიორგის დაუწყია.

მინდოდა, მასზე ბევრი გამეგო, თუმცა ეს საუბარი ჩვენს შორის, უბრალოდ, როგორც ადამიანებს შორის შედგა და ჩემი პროფესიული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მისივე ნებართვით, სახლში ვესტუმრე.

მინდოდა, ისევე, როგორც გიორგისთან, მის დასთან საუბარიც, მშობლების ნებართვის შემდეგ შემდგარიყო. ნებართვა დედისგან მივიღე, რადგან, აღმოჩნდა, რომ მამა ორიოდე წლის წინ, ავტოავარიაში დაღუპულა.

მასპინძლობა გიორგის დედამ, ქალბატონმა ნარგიზამ გაგვიწია.

საუბარი ცოტა შორიდან დავიწყეთ, რამდენიმე წუთში უკვე ვიცოდი, რომ თევზაძეების ოჯახი ფოთში ქირით ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი, რომლითაც ქირას და სხვა სახის გადასახადებს ოჯახი იხდის, ბავშვების მიერ დახმარების სათხოვნელად გაშვერილი ხელით აკრეფილი ხურდა ფულია.

“სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ოჯახს არაფერი აკლდა, თავი გაგვქონდა, მაგრამ ახლა გიორგის და მარის ნაშოვნი ხურდა ფულით ვარსებობთ. ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან. ესენი რომ სკოლაში გავუშვა, შიმშილისთვის ვართ განწირულები მთელი ოჯახი.

პატარა ხშირად ავადმყოფობს, ყველაფერს მოკლებული რომ არის, მაგიტომაც. საღამოს გიორგი და მარი სახლში რომ ბრუნდებიან, მთელი დღე მზეზე ნადგომებს, სიქა აქვთ გამოცლილი. ქირა ხომ უნდა გადავიხადოთ? ჭამა ხომ გვინდა? ამათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, ახლა ვერც ერთს ვერ გვნახავდით ცოცხლებს, ბარემ, დავისვენებდით კიდეც,~ - ტირილით მიყვება ქალბატონი ნარგიზა.

გიორგის კი, წარმატების თავისებური ფორმულა აქვს, ყოველდღიურობიდან გამომდინარე.

“არაფერი ისე არ მიხარია, როგორც წარმატებული დღე, ის დღე, როცა ვინმე 20 თეთრიანზე მეტს გვჩუქნის. ბევრი გვეხმარება, ბევრიც თავიდან გვიშორებს და გვაგინებს. უკვე 12 წლის ვარ, ვიცი, რომ ეს ცუდია, რომ ვიღაცას ვაწუხებ, მაგრამ რა ვქნა?! ეს ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალია,” - მეუბნება გიორგი.

“აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ჩვენთან, ხობში, არც ეს არ გვქონდა, სახლი გავყიდე, ქმრის დაკრძალვის ფული რომ არ მქონდა, მევალემ მოსვენება არ მომცა.

ფოთში, მეგონა, რომ რაღაც სამსახურს ვიშოვიდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ბავშვის ბაღში წაყვანაც ვერ შევძელი. რომ მოგვშივდა და გამოსავალი არაფერი გვქონდა, ბავშვები ჯერ მეზობლებთან გავიდნენ, მერე მეზობლებსაც მოვწყინდით და ახლა კი, ხედავთ, ქალაქის მეორე ბოლოში დადიან ბავშვები სათხოვნელად,~ - საუბარში გიორგის დედა ერთვება.

“ზოგჯერ ორი ცალი ხინკლის გარდა ვერაფერი გვიშოვია, იმით გადაგვიატანია 4 ადამიანს მთელი დღე.

ჩემი და ყველაზე უფრო მეცოდება, პატარაა და ყველაფერი აკლია. ძოგჯერ ქუჩაში სხვების პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, როგორ აფოფინებენ, გული მწყდება, ჩემს დას იგივე რატომ არ აქვს-თქო, მაგრამ რაც გვაქვს, ღმერთი იმას მაინც შეგვარჩენდეს.

რესტორნის კიბეებზე გატარებული ბავშვობა, ვიცი, უკეთესობას ვერაფერს მომიტანს, იქნებ, რამე შეიცვალოს, არ ვიცი,~ - თავისი ასაკისთვის შეუფერებელი დარდით მეუბნება გიორგი.

ნაქირავები ორი ოთახი ამდენივე საწოლს, ერთ კარადას და მაგიდას იტევს, თავისი სკამებით. თევზაძეების საგვარეულო სახლიდან გამოყოლილი ქონებაც სულ ეს არის.

ქონებაზე არა, მაგრამ ნორმალურ ბავშვობაზე, თანაკლასელებსა და მეგობრებზე გიორგი ბევრს ოცნებობს, თუმცა სკოლა და მისი ყოფიერება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რომ მოდის, ამასაც ხვდება.

“ვიცი, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ მინდა, მჯეროდეს, რომ ღმერთი ჩემ წილ ბედნიერებას არ წამართმევს ბოლომდე. ვიცი, რომ ამის უფლება მაქვს, ჩემი და წამოზრდება, დედაც რაიმე სამუშაოს იშოვის და გვეშველება ცოტა.

ჩვენზე უარესადაც ხომ არიან ადამიანები? ხომ შიათ? ხომ სცივათ? ზღაპრების არ მჯერა, მაგრამ ცოტა იმედი ჩემთვისაც მინდა დავიტოვო, საღამოობით, ძალიან დაღლილი როცა ვწვები, მამიკოს დატოვებულ წიგნებს ვკითხულობ, ვინ იცის, მერამდენეჯერ.

კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ წიგნებიც შემომელია. ახალი არაფერი მაქვს,~ - სევდიანად მეუბნება გიორგი.

გიორგის მეგობრობრობას ვთავაზობ და წიგნებს ვპირდები, წამოსასვლელად ვემზადები. ქალბატონი ნარგიზა შეწუხებულია. ვხვდები, რომ რაღაც აწუხებს და თქმა უნდა.

“ბათუმში მინდა ბავშვებიანად გადასვლა, იქ ხალხიც ბევრია და საშოვარიც, მაგრამ გზის ფული არ გვყოფნის. იქნებ, სამუშაოც ვიშოვო რამე, ბავშვებს სკოლაში გავუშვებ, პატარას - ბაღში. ცოტა სული ამოვითქვათ, შეიძლება,~ - ამბობს ქალბატონი ნარგიზა.

გიორგი ქუჩის ბოლომდე მაცილებს, ვპირდები, რომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი ბავშვობისდროინდელ წიგნებს მივუტან. სამსახურამდე გზა კი, ამ ოჯახზე, გიორგიზე და მის ოცნებებზე ფიქრში გავიარე.

მეორე დღეს, პერევში ავდივარ ჟურნალისტური მისიით. გიორგისთვის მიცემული დაპირება არ დამვიწყებია, მაგრამ სამი დღე მიწევს გაჩერება ქალაქგარეთ და ვიცი, რომ მეც იმედს ვუცრუებ უკვე ჩემს მეგობარ გიორგის.

მეოთხე დღეს, რაც კი წიგნები შემომრჩა ბავშვობიდან, დიდ ჩანთაში ვალაგებ და გიორგის სახლისკენ მივდივარ. სახლი დაკეტილი მხვდება, მეზობელი მეუბნება, რომ აქედან გადავიდნენ, თურმე, ბათუმში. საშინლად დამწყდა გული, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვი და ჩავუტან წიგნებს ჩემს მეგობარ გიორგის.

ლაშა ზარგინავა,

საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
ბავშვის სიღარიბის დაძლევისათვის, რათა
არცერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!

пятница, 3 апреля 2009 г.

9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI Georgia) და ორგანიზაციამ „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ 9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 
 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მშვიდობიანად ჩატარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას - დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში და მხედველობაში მიიღოს აქციის მონაწილეების მიერ წამოჭრილი საკითხები.
 არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ დემონსტრაციის ორგანიზატორებს - მათი მოწოდებები და ქმედება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონის მოთხოვნებს და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანად ჩატარება.
 ოთხივე ორგანიზაცია მიმართავს მედიასაშუალებებს, ზუსტად, ობიექტურად და დროულად გააშუქონ 9 აპრილს განვითარებული მოვლენები. 
 „გამოვთქვამთ იმედს, რომ საპროტესტო აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება და არ განმეორდება 2007 წლის 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები“, - აღნიშნულია მიმართვაში. 


четверг, 2 апреля 2009 г.

დავით ნარმანია - საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა ეკონომიკურად გაუმართლებელია


საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა შეუძლებელი და ეკონომიკურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანიამ განაცხადა. 
 ნარმანია არსებული ფინანსური კრიზისის პირობებეში, ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას ეჭვის თვალით უყურებს. 
 “თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაკეთება ფოთშიც დაგეგმილია. ამდენად, არ მგონია, რომ ასეთ კონკურენტულ პირობებში თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ქუთაისშიც იარსებოს, მით უმეტეს, რომ ქუთაისს სარკინიგზო-საზღვაო ტრანსპორტი ერთიან სატრანსპორტო სივრცესთან არ აკავშირებს, რაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია~, - განაცხადა ნარმანიამ. 
 მისი თქმით, თუ ზონა მხოლოდ შიდა ბაზარს მოემსახურება, მაშინ ძალიან მცირე მასშტაბებზე შეიძლება იყო საუბარი, რადგან საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა. 
 “არსებობს გარკვეული ეჭვი - ხომ არ არის ეს იმ ტალღის გაგრძელება, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, ანუ აკეთებენ საკმაოდ მოცულობით ინვესტიციებზე განცხადებებს და საბოლოოდ ინვესტირების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, საქართველოში ბოლო 7-8 თვეა სულ უფრო კლებულობს", - განაცხადა ნარმანიამ. 
 ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. ეგვიპტური კომპანია “ფრეში” აღნიშნულ პროექტში მლრდ 200 მლნ 800 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დაგეგმილია 12 ქარხნის მშენებლობა, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექსტილს, კერამიკას და სხვა პროდუქციას აწარმოებს.



რატომ მიიღო ხელისუფლებამ მიწის გაიაფების გადაწყვეტილება?


ფოთს, "რევოლუციური ხელისუფლება" ქართული ეკონომიკის "რევოლუციურ ქალაქად" მიიჩნევდა, თუმცა ომის შემდგომ პერიოდში დავარდა, როგორც ეკონომიკური განვითარების ტემპი, ისე ინტერესი ინვესტორების მხრიდან. ჯერ იყო და კატეგორიული უარი, ფოთის პორტის მახლობლად ახალი ხორბლის ტერმინალის მშენებლობაზე ყაზახურმა ს/ს “პროდკორპორაციამ” განაცხადა, მოგვიანებით კი, კიდევ ერთი სერიოზული პროექტი შეჩერდა, ამ შემთხვევაში, არაბული კომპანია "გლობალ ჯენერალ თრეიდინგის" მხრიდან. როგორც კომპანიის მხრიდან ფოთით დაინტერესების შემდეგ გაირკვა, ის ერთ-ერთი არაბი შეიხის საკუთრებაა. "გლობალ ჯენერალ თრეიდინგსს" ფოთში კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი უნდა მოეწყო, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა არაბულმა ინვესტიციამაც, თითქმის ყაზახურის გეზი აიღო, შეჩერდა.
არადა, "გლობალ ჯენერალ თრეიდინგს" 5 წლის განმავლობაში 2 მიალიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ინვესტორი სანაპირო ზოლზე, ყოფილი "გრეიფრუტის მეურნეობის" ტერიტორიის შეძენას და მასში 80 მილიონი დოლარის გადახდას აპირებდა. თუმცა, ფოთში მიწაც ჩალის ფასი გახდა. უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასი, საკრებულოს გადაწყვეტილებით 20-26%-ით შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა მერის ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად მიიღეს.
მერის პირველი მოადგილე, გელა ლაგვილავა ამბობს, რომ მიწაზე ფასის დაწევა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და მიწაზე დაბალმა მოთხოვნილებამ განაპირობა.
"განხილულ იქნა მიწის ნორმატიული ფასები, რომელიც საკრებულოს მიერ იყო დამტკიცებული და დღემდე მოქმედებდა. გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია და რეალურად არ არის მყიდველი და მთხოვნელი იმ ფასით, რომელიც გვქონდა დამტკიცებული, გადავწყვიტეთ ფასები შეგვემცირებინა. არსებული ფასი, იყო მაქსიმალური ზღვარი, ამიტომ გათვლებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ფასი დაახლოებით 20-26%-ით შემცირებულიყო, ზონებისა და ქვეზონების შესაბამისად".
ფოთის საკრებულოს დადგენილების თანახმად ქალაქის ცენტრალურ ზონაში 1 კვ.მ მიწის ფასი 55,44 ლარით, ხოლო მეორე ქვეზონაში-51,45 ლარით განისაზღვრა. 20-26%-ით შემცირდა მიწით სარგებლობის ქირაც.
მეორე ქვეზონა, სწორედ იმ ტერიტორიას მოიცავს, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შენდება. დღემდე ცენტრალურ ზონაში მიწის საფასური 75,60 ლარს, ხოლო მეორე ქვეზონაში 70,56 ლარს შეადგენდა. ეს ტერიტორია, მიუხედავად ყოველგვარი კრიზისისა, ფოთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზონად რჩება.

ლაშა ზარგინავა



დევნილებს "აიეტიდან" ასახლებენ?!


ყოფილი სასტუმრო ,,აიეტის’’ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ერთერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ვიზიტის დეტალების გახმაურება მედიასთან მათ არ ისურვეს. დევნილების განცხადებით კი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლებმა მათი მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. "შენობის დატოვება ჩვენთვის ორგზის დევნილობას ნიშნავს", - აცხდებენ სასტუმრო აიეტის შენობაში შესახლებულები. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 80-მდე ოჯახი იქ მე-17 წელია ცხოვრობს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ავარიულია და სასწრაფოდ გარემონტებას საჭიროებს, მაინც ვერ მოხვდა გასარემონტებელ ობიექტთა ნუსხაში. დევნილების ინფორმაციით, ფოთში არსებული 18 კომპაქტური ჩასახლებიდან სარემონტო სამუშაოები მხოლოდ 13 ჩაუტარდება. ისინი ეჭვობენ, რომ ყოფილი სასტუმრო ,,აიეტის’’ შენობა გასხვისებულია და სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა იგი გასარემონტებელ ობიექტთა ნუსხაში. უფრო მეტიც, როგორც დევნილები აცხადებენ, შესაძლებელია ისინი მალე შენობიდან გაასახლონ კიდევაც, რაც მათთვის მიუღებელია. ამ საკითხზე წერილობით აიეტის მცხოვრებლები ამ დღეებში დევნილთა და განსახლების მინისტრსაც ოფიციალურად მიმართავენ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიცემული პირობის შესრულებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ. ადგილობრივ მთავრობაში კი ინფორმაციას ყოფილი სასტუმრო ,,აიეტის’’ გასხვისებასთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულს უწოდებენ. როგორც ფოთის მერი ვანო საღინაძე აცხადებს უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ როდის მოხდება შენობის რეაბილიტაცია.


ლაშა ზარგინავა


ტაში, ტაში მეგობრებო! სააკაშვილმა, ვისაც გვჯერა გაგვატარეთო!

13 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” შპს “რაკ საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც ნიადაგის შემოწმებას, ტოპოლოგრაფიას, ტერიტორიის დასუფთავებასა და შემოღობვას გულისხმობს. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია გააცნო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ჩატერჯიმ. მისი ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2009 წელს და, სავარაუდოდ, პრეზენტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.
ჩატერჯის განცხადებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტი ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორციელდება. ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით, გარდა ამისა საჰაერო მიმოსვლით იგი ადვილად დაუკავშირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ფოთიდან ის თემაა, რომელზეც ბოლო 10 წელია აქტიურად საუბრობენ, თუმცა საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა. ფოთის აეროპორტის ტერიტორია, ხან ბადრი პატარკაციშვილის ინტერესის ობიექტად სახელდებოდა, ხანაც სხვა რომელიმე ვირტუალური ბიზნეს სუბიექტის. რეალობა კი, ის არის, რომ აღნიშნული ობიექტი დღემდე მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს ახსენდება, რომელიც იქ საძარცვავად მიდის. ასევე, მწარე რეალობააა ის, რომ ფოთს დღემდე არ აქვს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები. შედეგად კი, ის მივიღეთ, რომ არც მეტი და არც ნაკლები-ფოთის აეროპორტის უმეტეს ტერიტორიას ხობის მუნიციპალიტეტი ეპოტინება, რაც მისი აღდგენა-გასხვისების შემთხვევაში, ქალაქს იმის შანსსაც ართმევს, რომ გასხვისებიდან შემოსული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში მოხვდეს და იმ შანსსაც, რომ შემდგომ მისაღები გადასახადები ფოთის ბიუჯეტს შეერგოს. ასე, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ტაშს გამეტებით უკრავს ყველა გამომსვლელს, ვინც, თუნდაც ერთი სიტყვით ახსენებს ფოთს, ცოტა დაფიქრება და უფრო მეტი მოქმედება სჭირდება. ყოველშემთხვევაში იმის მცდელობა მაინც, რომ ბოლოსდაბოლოს გაირკვეს, რა არის ცვენი და რა სხვისი, ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი მხოლოდ მეზობელ რაიონებთან მიმოწერის დონეზეა დარჩენილი.
დავუბრუნდეთ ისევ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციას, სადაც ითქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია გზების დაგება, ასევე ქუჩის განათებების დამონტაჟება, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება. დიდებული, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით, თუმცა, როგორც იტყვიან თეთრსაც და შავსაც მომავალი გამოაჩენს. მანამ კი, ექსპერტები იმაზე დაფიქრებას გვირჩევენ, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუსაოებს-ქართველები, თუ უცხოელები, სადაც მუშა ხელი, მითუმეტეს მსოფლიო კრიზისის ფონზე, ძალიან იაფია. თუ ამავე პროექტის პრეზენტატორებს დავუჯერებთ, სამუსაოების წარმოებისას, 20 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემას, არამარტო ქალაქში, მიმდებარე რაიონებშიც, ფაქტობრივად მოხსნის.
ამის შემდგომ დაიწყება პროექტის მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს სასაწყობო კომპლექსის, ასევე, საკონტეინერო ტერმინალების, სადისტრიბუციო პარკის, ოფშორული ფინანსური დაწესებულებების და ბიზნეს-ცენტრების მოწყობას. ჩატერჯის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება წარმოებისა და მომსახურების მსოფლიო საკვანძო პუნქტი. 
“რაკიას” აღმასრულებელი დირექტორის და შპს “რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ხატერ მასაადის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განლაგება უნიკალურია. ერთის მხრივ რიონი და მეორეს მხრივ ზღვა. მან ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ინდუსტრიული ზონიდან 500 მეტრის დაშორებით არის რკინიგზის სადგური. მასაადის განცხადებით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ფოთს აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გახდეს.
ფოთზე საუბარი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქის გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დაიწყო. თუმცა, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად დავიწყნია, რომ მისი წინამორბედი მთავრობა უარყოფით კონტექსში მოეხსენინებინა.
"ფოთი არის ყველაზე მოკლე გზა ევროპისაკენ, მთელი ჩინეთის ნახევრისთვის, შუა აზიის და კასპიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი. წინა მთავრობის დროს ფილოსოფია იყო ის, რომ საქართველო არის დერეფანი და ჩვენ უნდა ყველას ტაში დაგვეკრა. რა კარგია, რომ ჩვენ ვართ დერეფანი, მაგრამ დერეფანში ცხოვრება როგორც ყველამ კარგად ვიცით, სასიამოვნო არ არის",-განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ დაავიწყდა, რომ მისი მთავრობის 5 წლიანი მმართველობის პირობებშიც, ფოთი მხოლოდ პერსპექტიული ქალაქის სტატუსის მატარებელი, როგორც ეს მანამ იყო და რეალურად მეტი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ გვესმის უფრო მეტი დაპირება და თავმოწონების შეძახილები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკურ, ან პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. გარდა ამისა, კორიდორის ფუნქცია ქალაქს ყველა შემთხვევაში ექნება, მითუმეტეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის თეზისიც, სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
`ჩვენ ახლა ვქმნით ზონას, რომელშიც იქნება არა მხოლოდ საწყობები, არა მხოლოდ ვაჭრობა, არა მხოლოდ გემების მომსახურება და ა.შ, არამედ ფოთში უნდა აშენდეს დიდი აეროპორტი. ზონა, სადაც იქნება წარმოება~,-აცხადებს სააკაშვილი, რომელსაც ერთხელაც არ უხსენებია, ის თუ რის საფუძველზე კეთდება ისეთი განცხადებები მისი მხრიდან, რომელსაც მის წინამორბედებს საყვედურობს. ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ “რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” დირექტორთა საბჭოს გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, ინდუსტრიალ ზონაში წარმოება განვითარდება თუ სასაწყობო მეურნეობა.
"დღეს ყევლაზე მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ხელის შეწყობა და მათთვის ყველა პრობლემის მოხსნა. ინვესტორები აპირებენ ხობში და აბაშაში აწარმოონ ორგანული სასუქებისაგან თავისუფალი პროდუქცია, რომელიც ფოთიდან გავა ევროპაში. მეორე ჯგუფი შეისყიდის მთელ ქართულ ვაშლს და ყველაზე საუკეთესო საბავშვო კვება მსოფლიოში იქნება დაფუძნებული ქართულ ვაშლზე. ერთის მხრივ ჩვენი მწარმოებელი იქნება კმაყოფილი და მეორეს მხრივ ინვესტორი იქნება კმაყოფილი იმით, რომ ის ამოიღებს მის მიერ ჩადებულ ფულს. ამიტომ ეს ზონა არის გადასვლა დერეფნიდან ძალიან ფართო და ლამაზ სახლის მშენებლობაზე",-გვარწმუნებს სააკაშვილი.
ახლა კი, მივუახლოვდით პრეზიდენტის გამოსვლის ყველაზე საინტერესო მომენტს(!). მოკლედ, აქამდე იმაზე გულშემოყრილები, რომ ფოთს ზუგდიდთან ერთად მთლიანად თბილისი აკონტროლებდა და საღებავის ფერებიც სწორედ ამ ქალაქებში უნდა შერჩეულიყო, გამოდის, რომ ახლა ბათუმიც დაემატება, თუმცა როგორ, ამის ახსნა სააკაშვილს არ უცდია. სააკაშვილი გვპირდება, რომ ბათუმი და ფოთი, არც მეტი და არც ნაკლები 2013 წლისთვის ერთი მეგაპოლისი იქნება საქმე იმაშია, რომ აჭარა თავისი ადმინისტრაციული რესურსებით, წარმოადგენს დამოუკიდებელ ავტონომიას, ვიწრო და ფართო გაგებით. 
"2013 წელს ბათუმი და ფოთი იქნება ერთი მეგაპოლისი. ეს ნიშნავს იმას,რომ მომავალი წლიდან ჩვენ მათ დავაკავშირებთ ავტობანით და ეს ნიშნავს, რომ ფოთიდან ბათუმამდე ჩვენ ჩავალთ 25 წუთში. ფოთში იქნება 50-მდე ცათამბჯენი, დაახლოებით იგივე როგორც დუბაიში, ბათუმში უკვე მომავალ წელს იქნება 10 დუბაის კლასის შენობა. მე არაფერს არ ვაზვიადებ, ეს ყველაფერი შენდება. ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი მინიმუმ, დღეს ფოთში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, ბათუმში უფრო ნაკლები. დარწმუნებული ვარ 4 წელიწადში ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც წარმოებაში და ბიზნესში აქვს ნიჭი გადასახლდება ამ მეგაპოლისში და აითვისებს იქაურობას. ეს იქნება თითქმის 100%-იანი დასაქმების მეგაპოლისი. ეს იქნება ყველაზე მაგარი ადგილი შავიზღვისპირეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ფუნქციას",-გვარწმუნებს სააკაშვილი.
იქნება თუ არა ფოთის მოსახლეობა ნახევარი მილიონი ჯერ ვერავინ გეტყვით, რადგან ამის რეალური საშუალება, თუნდაც ტერიტორიული გადანაწილების თვალსაზრისით არ არსებობს. მაგრამ, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ამჟამად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ფოთში, და არა ისე, როგორც ამას სააკაშვილი გვიმტკიცებს. ეტყობა პრესიდენტს, ტექსტი ისეთმა ადამიანმა შეუდგინა ვინც, ან ფოთს არ იცნობს, ან სტატისტიკისგან დგას ძალიან შორს. თავად სააკაშვილი კი, ინჟინერიისგან. ამის თქმის საბაბს ის გვაძლევს, რომ ცათამბჯენების კიარადა, ფოთის რელიეფზე, თუნდაც 9 სართულიანი კორპუსების აშენება თავის დროზე დიდ ინჟინრულ შეცდომად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, 
გარდა ამისა, პერეზიდენტს ერთხელაც არ უხსენებია გურია, ამ მეგაპოლისის პირობებში თუ რა ადგილს დაიკავებს. თუმცა თქვა, რომ იქ `საოცარი სიღარიბეა~: `ერთი რამ ვიცი, როცა ვლაპარაკობ გურიაზე, საოცარი სიღარიბეა და გაჭირვება გურიაში, სიღარიბეა აჭარის მაღალმთიან რაიონებში~.
აეროპორტის თემას ვერც სააკაშვილი ასცდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ ააშენებს ამ აეროპორტს. თვალში ნაცარს თუ არ შევიყრით და ყურს ცვილის სანთლით არ ამოვიგოზავთ, თან ცოტა გონსაც თუ დავატანთ, 2013 წლამდე ახალი აეროპორტის აშენება, ცოტა არალეალურია, რადგან მის მშენებლობას სწორედ იმდენივე ფული და დრო სჭირდება, რამდენიც ახალი პორტის. ექსტაზში შესულმა სააკაშვილმა, ფოთზე ბათუმის "მიბმა" არაფრად ჩათვალა და აფზხაზეთიც "მოგვიზომა"(!?), ღმერთმა უსმინოს.
"ჩვენ გვექნება დიდი აეროპორტი ფოთში. გავაფართოვებთ ბათუმის აეროპროტს და ფოთის პორტს, ჩვენ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლზე. ყველაფერს ამას მიებმება აფხაზეთი და სოხუმი. განვითარების ამ ტემპს შეუძლებელია არ მოჰყვეს პროცესების უკანდატრიალება და შემობრუნება. მით უმეტეს იმ პრობლემების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს".
ამ გამოსვლის პიკი, ბაკურ გულუას და მის მიერ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დამშრალი ჭაობების ხსენება გახლდათ. 
"უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი რაც კეთდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქალაქები იქნება თანამედროვე, კარგი წყალგაყვანილობით, გაზგაყვანილობით.
ისე კი არ იქნება როგორც კომუნისტების დროს, ბაკურ გულუამ რომ ამოაშრო თავის დროზე დაბლობი. მართლა ამოშრება, იმიტომ რომ ნამდვილი ბიზნესი და კაპიტალი იმუშავებს, ხალხი იცხოვრებს უკეთესად"-განაცხადა სააკაშვილმა. 
პიკის პიკი კი, პრეზიდენტის გამოსვლაში ის ნაწილია, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ თუ ცათამბჯენებს ავაშენებთ, არავის მოუვა აზრად "საქართველოს დაბომბვა". ბატონო მიხეილ, უკაცრავად, მაგრამ ამერიკას ცათამბჯენებიც ჰქონდა და თავდაცვის ასჯერ უკეთესი სისტემა, ვიდრე საქართველოს. მიუხედავა ამისა, 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტთა მცირე ჯგუფმა მიწასთან გაასწორა ცათამბჯენებიც და მითიც, რომ ამერიკა ზესახელმწიფოა. ასე, რომ იქნებ იმაზე უფრო მეტი გვეფიქრა, როგორ შეიზლება ავაცილოთ ქვეყანას საფრთხეები, ვიდრე იმ დაპირებებით გამოვიჭედოთ ყური, რაც თავადაც არ გჯერათ.
"ყველა უნდა გაიმსჭვალოს იმის მნიშვნელობით, რომ შენი ქვეყანაა ეს და აქ ყველაფერი დანარჩენი უნდა გავდოთ გვერდზე. გარწმუნებთ, როცა ჩვენ გვექნება ცათამბჯენები, როცა ჩვენ გვექნება განვითარება, არავის აღარ მოუვა აზრად საქართველოს დაბომბვა და საქართველოზე შემოტევა. ხომ არავის მოსდის აზრად სამხედრო ძალით სინგაპურს ან ჰონკონგს დაესხას თავს". 
დაბოლოს, სააკაშვილმა თავისი გამოსვლა დასრულა სიტყვებით: "მე მინდა საქართველო იყოს ისეთივე, როგორც ჰონკონგი, სინგაპური, დუბაი". ჩვენც გვინდა, მაგრამ არა მხოლოდ ტრიბუნებიდან გაკეთებული მოწოდებებით, ან ფურცელზე, რეალურად გვინდა.


ლაშა ზარგინავა

"სანაპირო დაცვას ომიდან გაქცეულები ხელმძღვანელობენ": ვიცე-ადმირალი დავით გულუა აგვისტოს ომის გაუხმაურებელ დეტალებზე ალაპარაკდა

 
 

საქართველოს სანაპირო დაცვა ერთ-ერთ საუკეთესო სტრუქტურად ითვლებოდა. ქართული სანაპირო დაცვის მშენებლობაზე ამერიკამ სერიოზული თანხები და ძალისხმევა დახარჯა. ქართული სანაპირო დაცვით ამერიკის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც კი ამაყობდა. 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრის დროს მან თქვა, რომ ამერიკისთვის საქართველოში ყველაზე საამაყო და წარმატებული პროექტი სანაპირო დაცვაა. 
სანაპირო დაცვაში გასულ წელს ათი წლის იუბილე აღინიშნა. ამ იუბილეზე ქართველი მენაპირენი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. დღეს სანაპირო დაცვაში უკვე სხვა ხალხია. 
აქ სიტუაცია აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიცვალა. ცოტა ხნის წინ სანაპირო დაცვას შეუერთეს სამხედრო-საზღვაო ფლოტიც, არადა, ამ ფლოტის შეერთებას სანაპირო დაცვასთან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები კარგა ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. 
დღეს სანაპირო დაცვის სათავეში სულ სხვა ხალხია. როგორც სანაპირო დაცვის ყოფილი უფროსი დავით გულუა ამბობს, დღეს ამ სტრუქტურას ის ადამიანები უდგანან სათავეში, რომლებმაც საზღვაო ფლოტი და ფოთი პირველივე ტყვიის გავარდნის დროს მიატოვეს. 
ვინ და როგორ მიატოვა ფოთი, როგორ გადაარჩინა სანაპირო დაცვამ ფოთის პორტი განადგურებას, რატომ ვერ დააკავეს ჩვენმა მენაპირეებმა თურქული ხომალდი, ამ და სხვა საკითხებზე დავით გულუა "ახალ თაობას" ესაუბრება. 
- ცოტა ხნის წინ სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვა გაერთიანდნენ. რამდენად დროული და აუცილებელი იყო ამის გაკეთება? 
- კარგია, რომ ეს გაერთიანება მოხდა. ამ გაერთიანებამ ძალიან დაიგვიანა. ეს გაერთიანდება უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, როცა ქართველი, ამერიკელი და ნატოს ექსპერტები საქართველოს ურჩევდნენ, მომხდარიყო ამ ძალების გაერთიანება. მათ თავიანთი რჩევები კარგად ჰქონდათ დასაბუთებული. მათი თქმით, საქართველოს სჭირდებოდა მხოლოდ სანაპირო დაცვა, საზღვაო ფლოტი კი საჭირო არ იყო. 
- რატომ არ სჭირდებოდა საქართველოს საზღვაო ფლოტი? 
- საზღვაო ფლოტს აქვს თავისი სპეციფიკური ამოცანები. ეს ამოცანები საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს არის ორი ძირითადი ამოცანა. საუბარია საზღვაო სივრცის დაცვაზე წყლის ქვემოდან, წყალქვეშა ნავებისა და სხვადასხვა მცურავი აპარატებისაგან, მეორე ამოცანას კი ზღვაზე მტრის შესაძლო აგრესიის მოგერიება წარმოადგენს. როცა ეს ორი ამოცანა დგას დღის წესრიგში, მაშინ წინა პლანზე გამოდის მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე არის ორი შესაძლო საფრთხე. ერთი საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ნატოსგან (საუბარია თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე) და მეორე - რუსეთისგან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საზღვაო ფლოტი უნდა აეშენებინა საქართველოს, რომ ერთის ან მეორის აგრესია შეეჩერებინა. ექსპერტთა დასკვნები ზუსტად აქედან გამომდინარეობდა. ქვეყანამ არ უნდა შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც ვერავითარ ამოცანას ვერ გადაწყვეტს. 
- თუ სამხედრო-საზღვაო ძალებს არავითარი ამოცანის გადაჭრა არ შეეძლო, რატომ ვინახავდით მას ამ წლების განმავლობაში? 
- სამხედრო-საზღვაო ძალების შენარჩუნება ხდებოდა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გააჩნდათ ამბიციები. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლებოდა არ ჰყოლოდათ ფლოტი. ამ ძალების მშენებლობასა თუ შენახვაზე მილიონები იქნა დახარჯული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მილიონები ქარს გავატანეთ. საბოლოოდ კი მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო ფლოტი სანაპირო დაცვასთან უნდა გაერთიანებულიყო. 
- სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაერთიანება დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. თქვენი აზრით, მაინცდამაინც ახლა რატომ მოხდა ამ ძალების გაერთიანება. ამ დასკვნამდე მისასვლელად რუსული აგრესია იყო საჭირო? 
- რატომ მოხდა ამ ძალების გაერთიანება მაინცდამაინც ახლა, ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს, ვიღაცებს თავის დროზე არ უნდოდათ, სასაზღვრო პოლიცია ყოფილიყო ძლიერი. ნატოს ექსპერტები ბოლო სამი წლის მანძილზე დაჟინებით ითხოვდნენ, ზღვაზე კონტროლი სამართალდამცავ სტრუქტურას განეხორციელებინა. სანაპირო დაცვა კი სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურას წარმოადგენდა. 
- თითქმის ათი წლის განმავლობაში სანაპირო დაცვა და სამხედრო-საზღვაო ძალები ცალ-ცალკე ფუნქციონირებდნენ. უშლიდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს მუშაობაში ხელს და როგორ ხდებოდა ამ სტრუქტურების განვითარება? 
- საქართველოს სანაპირო დაცვის ძირითადი ფუნქცია საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი, ანუ საზღვაო სივრცის დარღვევის, უკანონო თევზჭერის, ზღვის გარემოს დაბინძურებისა და სხვა მსგავს სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა იყო. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, საზღვაო ძალებმა თავიანთი არსებობის გასამართლებლად და მათზე განკუთვნილი ხარჯების გასამართლებლად თავიანთ თავზე აიღეს სანაპირო დაცვისა და გარემოს დაცვითი ფუნქციები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რამდენად ასრულებდა საზღვაო ფლოტი ამ ფუნქციებს, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის ან ზღვაზე სამართალდარღვევის გამოვლენა-აღკვეთის არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მათს უმთავრეს ფუნქციას, ანუ სამხედრო აგრესიის მოგერიებას, რამდენად ეფექტურად შეასრულეს მათ ეს ფუნქცია, აგვისტოს საომარი მოქმედებების დროსაც კარგად გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ საზღვაო ფლოტი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის პასუხისმგებელი არაფერზე არ არის და არც არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება ამ ორი სტრუქტურული დანაყოფის განვითარებას, ის, რომ სანაპირო დაცვა ბევრად წარმატებული და ეფექტური სამსახური იყო, დასტურდება იმ უამრავი პროექტით, რომლებსაც ჩვენთან ერთად ჩვენი ამერიკელი კოლეგები ახორციელებდნენ. თქვენს კითხვაზე, უშლიდა თუ არა ერთმანეთს ხელს ფუნქციონირებაში ეს ორი სტრუქტურული დანაყოფი, შემიძლია ვთქვა, რომ არა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საზღვაო ფლოტი ფაქტიურად არაფერს აკეთებდა, ხოლო საქმის რეალური შემსრულებელი სანაპირო დაცვა იყო. ამ პერიოდის განმავლობაში სანაპირო დაცვის მიერ 124 მცურავი საშუალება იქნა დაკავებული, ბიუჯეტის სასარგებლოდ კი მილიონობით ლარია შეტანილი. ვფიქრობ, ეს ციფრები რეალური სურათის აღსაქმელად სავსებით საკმარისია. 
- ამ ორი უწყების გაერთიანება რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს? 
- იმის გამო, რომ საქართველო არის საზღვაო ქვეყანა, მნიშვნელოვანია ეფექტური სამსახურის არსებობა, რომელიც საზღვაო სივრცის კონტროლს განახორციელებს, თუმცა, ეს გაერთიანება მოხდა ისე, რომ მთლიანად უგულებელყოფილ იქნა ის მიღწევები, რომელიც არსებობდა სანაპირო დაცვაში. კერძოდ, მთლიანად მოიშალა სამსახურის არსებული სტრუქტურა, უაზროდ გაიზარდა ხელმძღვანელი თანამდებობების რაოდენობა და, რაც მთავარია, გაერთიანების დროს სრულად იგნორირებულ იქნა ორივე უწყების პროფესიონალი კადრები, რაც იმას გულისხმობს, რომ არ მოხდა სანაპირო დაცვის გაძლიერება საზღვაო ფლოტში არსებული პროფესიონალი კადრებით. რაც შეეხება მცურავ საშუალებებს, სამხედრო-საზღვაო ძალებს ისინი თითქმის არ ჰყავდა. 
- რას ნიშნავს, თითქმის სულ არ ჰყავდა? 
- იმას, რომ მათს შემადგენლობაში იყო ორი გაურკვეველი მცირე ზომის ხომალდი, სახელად სადესანტო ერქვა, მაგრამ მისი გამოყენება დაღვრილი ნავთობის შესაგროვებლად შეიძლებოდა. იყო კიდევ ორი ნახევრად გარემონტებული მცურავი საშუალება. იყო კიდევ ერთი, რომელიც თურქეთში შეაკეთებინეს. მისი სიჩქარე იყო 12 კვანძი. აი, ასეთი ფლოტი შემოუერთდა სანაპირო დაცვას. ამის მიუხედავად, ვამბობ, რომ საშუალო პერსონალის შემოერთება მაინც დადებითი მოვლენა იქნებოდა. 
- რატომ იქნებოდა? საშუალო დონის პერსონალი სანაპირო დაცვას არ შეერთებია? 
- დღეს სანაპირო დაცვის სათავეში მოვიდა სამხედრო ხელმძღვანელობა. მათ სანაპირო დაცვას ჩამოაშორეს ის ხალხი, ვინც ეს სტრუქტურა შექმნა, მათს ადგილზე კი ფლოტიდან მოიყვანეს ის ხალხი, ვინც თავის დროზე ფლოტში ვერაფერი ვერ გააკეთეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს სანაპირო დაცვის სათავეში უმრავლესობა არაფრის მკეთებელი ხალხია. 
- ამის გამო სანაპირო დაცვა შეიძლება ისეთივე უფუნქციო გახდეს, როგორც თავის დროზე საზღვაო ფლოტი იყო? 
- სანაპირო დაცვა უფუნქციო ალბათ არ იქნება. თუმცა, სანაპირო დაცვაში იქნება დიდი უსამართლობის განცდა, რადგანაც ხალხი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი იყო, სადღაც გადაიყვანეს და, რაც ყველაზე მთავარია, დღეს სანაპირო დაცვაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში პირველივე გასროლაზე მიატოვეს ფლოტი და სადღაც გაიქცნენ. მათი გაქცევის შესახებ შესანიშნავად იცის ფოთის მოსახლეობამ, ეს ამბავი კარგად არის ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სტრუქტურებისთვის. მათ ისიც მშვენივრად იციან, რომ ფოთის ნავსადგური, ისევე, როგორც მთელი ფოთი, განადგურებისაგან სანაპირო დაცვამ იხსნა. 
- ამის შესახებ რატომ არსად არაფერი თქმულა? 
- ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ ომზე ბევრ რამეს ყვებიან, თუმცა, არავის უთქვამს, რა ხდებოდა იმ დროს შავ ზღვაზე. მოგეხსენებათ, რომ სასაზღვრო პოლიციას ბიწაძის უწყებად მოიხსენიებდნენ. აქედან გამომდინარე, ვერ იტყოდნენ, რომ ბიწაძის უწყებამ თავი გამოიჩინა, თანაც მაშინ, როცა სამხედრო უწყებამ თავი შეირცხვინა. აი, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ფოთის გადარჩენის ამბავი არავის "გახსენებია". ომის დღეებში სანაპირო დაცვის კატარღებმა ექვსი საჰაერო შეტევა მოვიგერიეთ. რუსული ავიაცია ცდილობდა ფოთის პორტის დაბომბვას. იმ დროს პორტში 23 ათასი ტონა ნავთობი იყო. ასეთი რაოდენობის ნავთობის აფეთქება ფოთის პორტის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. გადაიწვებოდა ნახევარი ფოთი. სანაპირო დაცვის ბიჭებმა თავი გადადეს და ყველა ეს შეტევა მოიგერიეს. საზღვაო ძალების რიგითები და დაბალი დონის ოფიცრები იმ დროს მათთან ერთად იდგნენ. ისინი, მეთაურებისგან განსხვავებით, იქ ბოლომდე დარჩნენ. დღეს ეს ადამიანები სამსახურიდან არიან დათხოვნილი. ომის დროს სანაპირო დაცვას მუდმივი კონტროლი გვქონდა ზღვაზე. ზღვას ვაკონტროლებდით როგორც რადარების დახმარებით, ასევე მცურავი საშუალებებით. როცა ფოთის პორტს უახლოვდებოდა რუსეთის სამხედრო ხომალდები, ჩვენ ყულევის პორტში მცურავი საშუალება გვეყენა, რომელიც დაახლოებით 7-10 მილში მანევრირებდა მათთან. ჩვენ იქაურობას ჯერ ვაკონტროლებდით - ანაკლიის სადგურის, შემდეგ სანაპირო დაცვის ფოთის სადგურის საშუალებით. როცა რუსებმა დაიკავეს ფოთი, ჩვენ ზღვას სუფსის, ჩაქვის სარადარო სადგურების მეშვეობით ვაკონტროლებით. შექმნილი ვითარების შესახებ ყველას საქმის კურსში ვაყენებდით. ჩვენს იქ ყოფნას მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ომის დღეებში არ მიგვიტოვებია არც ბათუმის და არც ფოთის საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ჩვენი პერსონალი იყო ადგილზე. მესაზღვრე იდგა და მუშაობდა. მუშაობა არ შეუწყვეტია არც პორტის პერსონალს, ჩვენთან ერთად იდგნენ მებაჟეებიც. სანაპირო დაცვას რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ენდობოდა, ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებების შემოსვლა დაიწყო. 

- მხედველობაში რა გაქვთ? 
- ჩვენთან ჰუმანიტარული მისია ომის დამთავრებიდან მალევე შემოვიდა. ამ მისიას ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ახორციელებდნენ და ისინი მხოლოდ სანაპირო დაცვას ენდობოდნენ. ჩვენ ვახორციელებდით ჰუმანიტარული ტვირთებით დატვირთული სამხედრო ხომალდების მიღებას საზღვარზე და ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ჩვენვე უნდა მიგვეცილებინა ისინი ჩვენს რეიდამდე. ამერიკის სამხედრო ხომალდების რეიდზე დაცვაც ჩვენ გვევალებოდა. ამ დროს ნაპირზე განლაგებული პორტების უსაფრთხოება ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო. სანაპირო დაცვას უნდა უზრუნველეყო მათი გადაადგილება როგორც აჭარის, ასევე სამეგრელოს რეგიონში. იმას, რომ ფოთში შემოვიდა დახმარება, დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ პერიოდში რუსი სამხედროები ჯერ კიდევ ფოთში იყვნენ. ეს იყო ჩვენი დამსახურება. ჩვენი კატეგორიული პოზიცია იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება შემოსულიყო ფოთში. ამას საქართველოშიც ჰყავდა საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე. 
- საქართველოში რატომ? 
- ეს ჩემთვის გაუგებარია. ვიღაცებს სურდათ, რომ ეს შესულიყო. ფოთი ალბათ იმიტომ არ უნდოდათ, რომ იქ მხოლოდ სანაპირო დაცვა იდგა. 
- როგორც ამბობენ, ომის დროს მოწინააღმდეგემ სანაპირო დაცვა სერიოზულად დააზარალა? 
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა სანაპირო დაცვის კუთვნილი კატარღები გაიტანეს. ეს ინფორმაცია შეცდომით გავიდა. რუსებმა საზღვაო ფლოტის კუთვნილი ტექნიკა გაზიდეს და გაანადგურეს. 
- ეს სიცრუე შეგნებულად გავრცელდა? 
- ვერ გეტყვით, ეს შეგნებულად მოხდა თუ შეუგნებლად. სიმართლე ის არის, რომ არც ერთი ჩვენი მცურავი საშუალება მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდნილა. მათ მხოლოდ ორი, ტექნიკურად გაუმართავი მცურავი საშუალება დაგვიზიანეს. ჩვენ ყველა მცურავი საშუალება გადავარჩინეთ. გადავარჩინეთ მთელი ტექნიკა. მხოლოდ ორი კომპიუტერი დავკარგეთ. რუსებს ჩვენი კუთვნილი საწვავიც კი არ დავუტოვეთ. ისიც გავიტანეთ და გადავარჩინეთ. სექტემბერში ფოთიც და ანაკლიაც სრული დატვირთვით მუშაობდნენ. სანაპირო დაცვამ სრულყოფილი მუშაობა უმოკლეს ვადაში განაახლა. ყველაფერს ამას ის მოჰყვა შედეგად, რომ ეს ხალხი უმუშევრად დარჩა. სამაგიეროდ სანაპირო დაცვაში ისინი მუშაობენ, ვინც ომის დღეებში საზღვაო ფლოტიც მიატოვა და სამშობლოც. ალბათ საინტერესოა, ვის უნდა აწყობდეს ეს. 
- ვის აწყობს? 
- ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამე ვიცი - სანაპირო დაცვით პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ალბათ ბევრი საქმე აქვს, ის ქვეყნის მთავარსარდალია, თანაც მას უნდა ახსოვდეს თავისი პირველი შეხვედრა ჯორჯ ბუშთან. ბუშმა სააკაშვილს უთხრა, ჩვენთვის საამაყო და წარმატებული პროექტი საქართველოს სანაპირო დაცვააო. 
- სანაპირო დაცვა სოხუმის აკვატორიას ადრე ასე თუ ისე აკონტროლებდა, ახლა როგორ იქნება საქმე? 
- ჩვენ ჩავერთეთ საერთაშორისო სისტემაში, რომლითაც მთლიანად ვაკონტროლებდით მთელ ზღვას, ყველა მცურავი საშუალების გადაადგილებას, ასევე ჩვენ ჩართული ვიყავით საერთაშორისო სისტემაში "ასიო", რომლითაც მუდმივად ვცვლიდით ინფორმაციას შავი ზღვის სანაპირო დაცვის ყველა წარმომადგენლობასთან. თუ იქნებოდა დარღვევა, საქმის კურსში ვაყენებდით. ჩვენ ამ წლების განმავლობაში 35 მეტი მცურავი საშუალება დავაკავეთ. ისინი აფხაზეთიდან არღვევდნენ საზღვაო საზღვარს. ამ ხომალდებს ვაკავებდით რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, საქართველოდან 170 მილის დაშორებით. ხომალდები დაგვიკავებია თურქეთის ეკონომიკურ ზონაშიც, თურქეთის სანაპიროდან - 60 და ჩვენი სანაპიროდან 80 მილში. ჩვენთვის ამაში არავის ხელი არ შეუშლია, ამ რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს სანაპირო დაცვამ მოინდომა ასეთი ღონისძიების ჩატარება. თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა მათ დამრღვევი სეინერის დაკავების საშუალება არ მისცეს, ადრე კი მსგავს ღონისძიებებს თურქეთის სანაპირო დაცვასთან ერთობლივად ვატარებდით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს სანაპირო დაცვამ ვერ დააკავა მცურავი საშუალება. აი, რა მოგვიტანა გაუაზრებელმა რეფორმამ და არასწორმა საკადრო პოლიტიკამ. საქართველოზე იხსნება ხაზი ავღანეთის მოსამარაგებლად. ამიტომ ჩვენს პორტებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს პორტები გამოყვანილ იქნა სანაპირო დაცვის დაქვემდებარებიდან და გადაეცა საპატრულო პოლიციას. არადა, ეს იყო აწყობილი სისტემა, საიდანაც ვიღებდით ინფორმაციას, ადგილზევე ხდებოდა მათი კოორდინირება. ამით ჩვენი უცხოელი პარტნიორები გაკვირვებული არიან. ისინი ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება აწყობილ სისტემასთან ასე მოპყრობა. ჩვენ ხომ ყველა საუკეთესოდ გვაღიარებდა. 
- დღეისათვის თქვენ რას საქმიანობთ? 
- დღეს მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი "სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრი". ჩვენ სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციურ რჩევებს დავდებთ. 
- თქვენს რჩევებს ხელისუფლება გაითვალისწინებს? 
- წესით, უნდა გაითვალისწინოს. თუ არ გაითვალისწინებს და ცუდად იქნება საქმე. სანაპირო დაცვასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ უკვე გვქონდა ჩავარდნა. ფაქტიურად პირველად მოხდა, როცა ჩვენმა სანაპირო დაცვამ ვერ დააკავა ხომალდი. 

გაზეთი "ახალი თაობა " 




Pშ. "რეზიუმე", ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ შეკითხვებს სვამდა. ითხოვდა პასუხებს საზღვაო ძალების სარდლობისგან, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, თავად შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც რატომღაც თავის თავზე იკისრა ომის თემაზე გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. პასუხების სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სტანდარტული მონოლოგი, მუქარაც კი, თუმცა იმის მთქმელი თუ რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომის დროს საზღვაო თავდაცვის ძალებში, არავინ აღმოჩნდა. ასევე, აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო საპარლამენტო კომისიას, რომელიც ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს იკვლევდა, არანაირი ინტერესი არ გამოუთქვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

                                        იგივე თემის გაგრძელება

                         ვინ გახდება ჩაძირული გემის კაპიტანი

ჩვენი საამაყო ფლოტი, ან როგორც ზემოთ დავით გულუამ აღნიშნა-"მიტოვებული ფლოტი", დღემდე გემების სასაფლაოზეა. თუმცა, მათი "გადასვენება", თუ ამის მსურველი გამოჩნდა პირდაპირ თურქეთის ჯაღტის გადამამუშავებელ რომელიმე ქარხანაში მოხდება.
თუ აქამდე არსად შეგხვედრიათ კაცი, რომელიც კარგად გაზიზინებულ მანქანას 20 ლარად ჰყიდის, მაგრამ შიგნით მწოლიარე კატას _ 100 ათასად, თანაც ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე არ იყიდება _ ბევრი არაფერი დაგიკარგავთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ:
ეკონომიკის სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თხოვნა-წერილის საფუძველზე გამართავს აუქციონს, სადაც ერთდროულად სამი გემის გასაყიდი საწყისი ფასი სულ რაღაც 10 დოლარის ექვივალენტი ლარებში იქნება. ეს ის მცურავი საშუალებებია, აგვისტოს ომის დროს რუსებმა რომ ჩაძირეს ფოთში: ”დიოსკურია”, ”თბილისი”, ”წყალტუბო”.
ბე _ 3 დოლარის ექვივალენტი ლარებში;
მონაწილეობის ბილეთი _ 20 ლარი;
ბიჯი _ 1 დოლარის ექვივალენტი ლარებში.
თანხა აუქციონის დასრულებიდან ერთ თვეში უნდა დაიფაროს.
თუმცა, აუქციონი პირობიანია: მყიდველი ვალდებულია არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს ამ მცურავი საშუალებების წყლიდან ამოყვანა და ფოთის აკვატორიიდან გაყვანა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 
აქვე შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოდან ჯართის გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამაც შესაბამისად მის ჩასაბარებელ ფასზეც იმოქმედა.
თუ ყველაფერ ამის შემდეგ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ჩაძირული გემების კაპიტანი გახდეს, შეუძლია განცხადებით მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს.
ასე დასრულდა ზღაპარი, რომელსაც დიდი ხანს, დიდებსაც გაბადრული სახით გვიკითხავდნენ!


ლაშა ზარგინავა




სათამაშო ბიზნესს გადასახადები და ჯარიმები გაეზარდა


არასრულწოვანებისთვის აზარტულ თამაშებზე დასაშვებად სასჯელი ხუთმაგდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტში გასულ კვირას შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშოდ ან სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დაშვება, აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის 5 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. აქამდე ეს ქმედება 1000 ლარით ჯარიმდებოდა. აკრძალვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობას.
ვერ გეტყვით, რამდენადაა დაცული ამ მხრივ ფოთი, რადგან ადამიანი, თუნდაც ერთი, ვინც ამას გააკონტროლებდა, ქალაქში არ არსებობს. შესაბამისი შტატი, მერიის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციას შეეწირა. თუ თვითმკვლელობების სტატისტიკას გადავხედავთ, წინა წლებში ქალაქში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამა თუ იმ სახის სათამაშო დაწესებულებებში ე.წ `თავნის~ ვერ ჩაბარების გამო, ახალგაზრდებმა სიცოცხლე ფატალურად დაასრულეს. ვერც იმას გეტყვით, რაიმე გავლენას იქონიებს თუ არა ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილება ამ შედეგებზე, მაგრამ, ფოთის საკრებულომ, ქალაქის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ახალი, გაზრდილი მოსაკრებლები დააწესა. მოსაკრებლები უცვლელი დარჩა იმ ბიზნეს-სუბიექტებისთვის, ვისაც სათამაშო ბიზნესის ნებართვა 2008 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა მიღებული. ახალი მოსაკრებელი კვარტალურად, კაზინოს თითოეულ მაგიდაზე 15 ათას ლარს, თიოთოელ სათამაშო აპარატზე-800, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს თითოეულ სალაროზე 2500 ლარს ითვალისწინებს.
პარლამენტარი, ჯონდი ბაღათურია კი, სათამაშო ბიზნესზე სანქციების გამკაცრებას და წლის ბოლომდე ამ ბიზნესის საერთოდ აკრძალვას მოითხოვს. 
ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს იმ ფულს, რომელიც ამ ბიზნესში მიედინება. მისი თქმით, ეს ფაქტორი კრიმინალური ვითარების კიდევ უფრო გამძაფრებას უწყობს ხელს. 
ბაღათურია მოითხოვს, რომ თუკი 21 წლამდე ახალგაზრდა კაზინოში ან სლოტ კლუბში შევა, პირველ ჯერზე სათამაშო ოფისი 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს. მეორე შემთხვევაში კი, საერთოდ ჩამოერთვას ლიცენზია.
საკრებულოს ახალ დადგენილებას გაუმართლებლად მიიჩნევენ ფოთის ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესით დაკავებული მეწარმეები და ამბობენ, რომ გაზრდილ გადასახადებს ვეღარ გადაიხდიან, რაც მათივე თქმით მსგავსი დაწესებულებების დახურვას გამოიწვევს.
`საქართველოს კანონში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შესახებ, შევიდა ცვლილება და ჩვენც იძულებული გავხდით ავტომატურ რეჟიმში, შეგვეტანა ცვლილებები საკრებულოს დადგენილებაში. ძირითადად გაიზარდა მოსაკრებელი სათამაშო აპარატებზე და ტოტალიზატორებში. იქედან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაში მიღებული საკრებულოს დადგენილება წინააღმდეგობაში მოდიოდა, პარლამენტის ახალ ცვლილებებთან, გადასახადი 100 %-ით გაიზარდა~,-განაცხადა ჩვენთან საუბარში, საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ხომერიკმა.
საკრებულოს ახალი დადგენილება, ძალაში უკვე შევიდა.


ლაშა ზარგინავა


ფოთელი გამარჯვებულები

 

ფოთელმა ნიჩბოსნებმა აზერბაიჯანში ღია ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. აკადემიურ ნიჩბოსნობაში სხვადასხვა ქვეყნის 12 ეკიპაჟი მონაწილეობდა. პრეზიდენტის თასზე გამართულ შეჯიბრში ფოთიდან ვალერი კაჭარავა და ალიკა გოგიტიშვილი ასპარზეობდნენ. წყვილი მე-4 ადგილზე გავიდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი მათ თბილისის ღია პირველობაშიც მიიღეს მონაწილეობა და პირველ ადგილზე გავიდნენ. სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ მათი მიზანია სპორტსმენებმა მონაწილება ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ, რომელიც 2010 წელს გაიამრთება.

ინდოელი მოგზაური ფოთს სტუმრობდა


 

შომეთ დემონდი 5 წელია მოსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, 17 წლისამ მოგზაურობა 2004 წლს 27 მაისს დაიწყო. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იმოგზაუროს და მათ ინდური კულტურა გააცნოს, ამბობს რომ, ამ დრომდე, 30-მდე ქვეყნის 191 ქალაქში უკვე იმოგზაურა. საქართველოს შემდეგ, ფოთიდან იგი ბულგარეთში გაემგზავრება. შომეთ დემონდი ინდოეთის ერთ-ერთ კოლეჯში ლექციას ინდოეთის კულტურის შესახებ კითხულობდა. იგი ამბობს რომ ინდოელები საინტერესო კულტური მქონე ხალხია და ქართველ სტუდენტებს სწავლა-განათლების მისაღებად ინდოეთში ეპატიჟება.




კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა


კოლხეთის ეროვნულ პარკში, 1 აპრილიდან ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, პიკს კი ზაფხულის თვეებში მიაღწევს. კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. პარკი უკვე 2 წელია რაც ტურისტულ მომსახურებას ახორცილებს. 


ფოთში პლებისციტი დასრულდა

ფოთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების პროცესი დასრულდა. "ალიანსი საქართველოსთვის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით, საერთო სახალხო პლებისციტში 5 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. ამის შესახებ მან “რეზიუმესთან” საუბრისას განაცხადა.

“პლებისციტის შედეგებით 90-მა პროცენტმა მხარი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუჭირა, 10% კი ამის წინააღმდეგია, ”,-აცხადებს კაკულია.
პოლიტიკური ორგანიზაცია “ალიანსი საქართველოსთვის” ფოთში ხელმოწერებს 20 მარტიდან აგროვებდა, მონაცემები პოლიტიკური ორგანიზაციის სათაო ოფისს უკვე გადაეგზავნა.



თევზაობისას დაღუპულ ჯამბულ ჯგერენაიას უშედეგოდ ეძებენ

შავ ზღვაში 21 მარტს თევზაობისას დაღუპულ 35 წლის ჯამბულ ჯგერენაიას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 
“დაღუპულის ოჯახის წევრების თხოვნით საძიებო ღონისძიებებში ჩართულია სანაპირო დაცვის კატარღები, სათევზაო სეინერები და სხვა სამაშველო საშუალებები, თუმცა ამ დრომდე არანაირი შედეგი არ არის”, - განუცხადა “რეზიუმე
ს” ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ წურწუმიამ. 
მისივე თქმით, ძიება თურქეთის საზღვრამდე ხორციელდება, რადგან, შესაძლოა, ზღვის დინებას ჯგერენაიას გვამი ამ მიმართულებით წაეღო.
ჯგერენაია, მეზობელთან სერგო ფაჩულიასთან ერთად 21 მარტს გვიან ღამით ღია ზღვაში სათევზაოდ გავიდა, უეცრად მოვარდნილმა შტორმა მათ ნავი გადაუბრუნა, რის შემდეგაც ფაჩულიამ ნაპირამდე გამოცურვა მოახერხა, ხოლო ჯგერენაია დაიხრჩო.



ფოთში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა


ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. „კამაზის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, ინფარქტი მიიღო, საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა. 
გარდაცვლილი 50 წლის მურმან ფოფხაძეა, რომელიც მანქანაში მარტო იმყოფებოდა. 
ფოფხაძე ფირმა „აისბერგი-2“-ის თანამშრომელი იყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იგი არ ავადმყოფობდა. უბედური შემთხვევა მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ მოხდა. 

კოლიმბარის კუნძულზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება 
კოლიმბარის კუნძულზე, რომელიც პალიასტომის ტბასა და მდინარე კაპარჭას შორის მდებარეობს, მალე პალიასტომის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი აშენდება. დღეს კოლიმბარზე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია ეკურთხა. დეკანოზმა თევდორემ ღვთისმშობლის სახელზე პირველი პარაკლისი აღავლინა. გადმოცემის თანახმად, იქ სადაც ამჟამად პალიასტომის ტბაა, ადრე მჭიდრო დასახლება იყო და პავლეს ტომი ცხოვრობდა. ხოლო ტბის შუაგულში პალიასტომის ღვთისმშობლის ტაძარი იყო, რომელიც ტბაში ჩაიძირა. ეკლესიის ნანგრევები ტბის შუაგულში დღესაც არსებობს, სწორედ მისი აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა იდეა, კუნძულ კოლიმბარზე ტაძარი აშენებულიყო.
მოსამზადებელი სამუშაოები დღეიდან დაიწყო. წმინდა ადგილის მოლოცვა შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ პილიგრიმებსაც შეეძლებათ. სამონასტრო კომპლექსს 5 ჰექტარი ტერიტორია დაეთმობა, სადაც მამებს საკუთარი მეურნეობაც ექნებათ.